„გრძელდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რომლის ერთ-ერთი ინდიკატორი საგარეო ვაჭრობაა. ნოემბრის თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, რომ კვლავაც ძალიან კარგი ტემპით იზრდება ექსპორტი, განსაკუთრებით - ქართული ნაწარმის ექსპორტი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის შეფასებისას.
2021 წლის ნოემბერში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 42.7%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 429.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნოემბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა არამხოლოდ გასული წლის, არამედ პანდემიამდელ - 2019 წლის ნოემბერში დაფიქსირებულ მონაცემებს და მას 23.6%-ით აღემატება.
2021 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 26.7%-ით გაიზარდა და 3,822.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ამავდროულად ის 12.3%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. ამასთან, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 25.2%-ით გაიზარდა და 12,828.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 7.4%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს.
„ეს მონაცემები არის იმის მაჩვენებელი და საწინდარი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, წელიწადს დავასრულებთ ისე, როგორც პროგნოზს ვაკეთებდით - ორნიშნა ეკონომიკური ზრდით“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.