საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მერაბ ტურავა აცხადებს, რომ კოლეგებთან საუბრისას, ყველამ უარყო ზეწოლასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ასევე ტურავამ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებამ მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით, მოსამართლეები გაანაწყენა.
"პრაიმტაიმის" კითხვაზე, ცნობილი იყო თუ არა მის რომელიმე კოლეგაზე სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის შესახებ მანამ, სანამ ამის თაობაზე განცხადებას გააკეთებდა გიორგი პაპუაშვილი, ტურავა აცხადებს, რომ გიგი უგულავასა და „კაბელების საქმეზე" პროცესი იყო ჩანიშნული, როდესაც თავმჯდომარემ წინა დღეს გააჟღერა ეს საჯარო ბრალდება.
„ამ განცხადებამ მოსამართლეთა უმრავლესობის უკმაყოფილება გამოიწვია. მოსამართლეს, რომელიც საქმეს იხილავს და არ იცის, მის გვერდით მჯდომი რომელი კოლეგაა ზეწოლის ქვეშ, გაუჭირდება გადაწყვეტილების მიღება, რადგან ფიქრობს, რომ რომელიღაც მათგანი ვერ მიიღებს ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას. სწორედ თავმჯდომარის განცხადება გახდა ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლის მატარებელი მოსამართლეებისთვის. გიორგი პაპუაშვილს შეეძლო, წინა დღეს ჩაეტარებინა პლენუმის დახურული სხდომა და იქ შეეთანხმებინა მოსამართლეებთან მისი განცხადების შინაარსი. მას ამ დროს აუცილებლად გვერდით უნდა ჰყოლოდა ის მოსამართლე, ან მოსამართლეები, რომელზეც ზეწოლა ხორციელდებოდა. რაკი ასე არ მოხდა, მეორე დღეს, როცა ჩვენ დარბაზში შევედით, დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ სანამ პროკურატურა არ დაადგენს, ვისზე ხდებოდა ზეწოლა, ან ხდებოდა თუ არა ეს ზეწოლა საერთოდ, არ გაგვეგრძელებინა საქმის განხილვა. ეს გავაკეთეთ იმის გამო, რომ საზოგადოების თვალში ჩვენ არ ვყოფილიყავით ეჭვმიტანილები „ზეწოლის" გამო მიკერძოებულობაში. სიმართლე გითხრათ, მე პირიქით შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ზეწოლა იყო არა ხელისუფლების მხრიდან, არამედ სხვა რომელიმე ძალის მხრიდან, რათა ასეთი დაუკონკრეტებელი და ზოგადი ინფორმაციით მოსამართლეების მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დამდგარიყო", - განაცხადა ტურავამ.
მისი თქმით, შესაძლოა ჩანაფიქრი სულ სხვა იყო.
„ვთქვათ ასეთი - მოდი, ჩვენ პრევენციის სახით ახლა გამოვაცხადოთ, რომ მოსამართლეებზე ზეწოლაა, ისინი გახდებიან ეჭვმიტანილები, ისინი იძულებული იქნებიან, ესა თუ ის გადაწყვეტილება მიიღონ კონკრეტულ საქმეზე და თუ ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ეს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე იქნება დისკრედიტებული და გახდება დაუსრულებელი პოლიტიკური დისკუსიებისა და სპეკულაციის საგანი", - აცხადებს ტურავა.
კითხვაზე, ხომ არ იცის, ვინ არის ის მოსამართლე, ვის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზეც გააკეთა განცხადება გიორგი პაპუაშვილმა 21 ივლისს, ტურავა აცხადებს, რომ პროკურატურაში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ რამდენიმე კოლეგასთან ჰქონდა საუბარი და ყველამ უარყო ეს ფაქტი.
„მათ ჰქონდათ ინფორმაცია სხვა კოლეგებისგანაც, რა თქვეს პროკურატურაში გამოკითხვის დროს. შესაბამისად, მოსამართლეებისგან მიღებული ინფორმაციით, არც ერთი არ ადასტურებს ამ ფაქტს", - აცხადებს ტურავა.