logo_geo
eng_logo
ლაშა გოდუაძე: 1982 წლის 13 დეკემბერს ვიტალი დარასელია ტრაგიკულად დაიღუპა - 25 წლის ამ ღიმილიანმა ბიჭმა, წარმოუდგენლად ბევრი მოასწრო
- +

13 დეკემბერი. 2021. 21:32

 

„1982 წლის 13 დეკემბერს, ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატიდან ნახევარ წელიწადში ვიტალი დარასელია ტრაგიკულად დაიღუპა. ის 25 წლის იყო. და ის ჩვენი ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი გახლდათ“, - ამის შესახებ სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ქართულ ფეხბურთზე გადაღებული ფოტოებიდან რამდენიმე განსაკუთრებით მიყვარს:

ბასა დინამოს ქათქათა მაისურში...

სიომა ბარქაიას პლაჟი...

შოთა იამანიძე ტაშკენტში, ოქროს მატჩის წინ დაფნის გვირგვინით...

დიდი მიშა რომ პატარა მიშას ჰკოცნის...

თბილისის აეროპორტში ხელში ატაცებული საშა ჩივაძე...

თასების თასით კახეთში ჩასული დათო ყიფიანი...

ეს ფოტოც ჩემი ფავორიტია: ვიტალი დარასელია ესპანეთში, მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე.

რამდენიმე წლის წინ მის შესახებ მოგონებათა კრებული მოვამზადე და პრეზენტაციისთვის ეს ფოტოც გავადიდე და დავბეჭდე. ახლა ის ჩემს ოთახს ამშვენებს, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან საფეხბურთო ნივთთან ერთად...

დღეს 13 დეკემბერია.

1982 წლის 13 დეკემბერს, ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატიდან ნახევარ წელიწადში ვიტალი დარასელია ტრაგიკულად დაიღუპა.

ის 25 წლის იყო.

და ის ჩვენი ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი გახლდათ.

25 წლისას მოგებული ჰქონდა ყველა საბჭოთა ტიტული, ფლობდა ყველა საფეხბურთო წოდებას, იყო დინამოს და საკავშირო ნაკრების ძირითადის წევრი, ასაკობრივი ევროჩემპიონატების ორგზის გამარჯვებული, 20 წლიდან მუდმივად ხვდებოდა სეზონის საუკეთესო მოთამაშეთა შორის...

და 25 წლისას ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბურთის გატანაც მოესწრო, წლების შემდეგ ოფიციალურად რომ აღიარებენ XX საუკუნის მთავარ გოლად.

მაგრამ ტიტულები და თასები მაინც არაფერია იმასთან შედარებით, რაც მას განგებისგან ერგო - საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა, რომელიც აგერ, იმ ტრაგიკული ამბიდან ამდენი წლის შემდეგაც ასე მძაფრად მოჰყვება მის სახელს, მის ოჯახს, მის შვილებს.

ვიტალი დარასელია როცა გარდაიცვალა, 4 წლის ვიყავი.

მისი ფეხბურთი მხოლოდ ჩანაწერებით მინახავს, მაგრამ ძალიან ბევრი მოგონება წამიკითხავს და მის თანაგუნდელებთანაც არაერთხელ მისაუბრია.

და დღეს ზუსტად ვიცი: 25 წლის ამ ღიმილიანმა ბიჭმა წარმოუდგენლად ბევრი კი მოასწრო, მაგრამ მშვენივრად იცოდა მთავარი - რომ მხოლოდ სიყვარულია მარადიული. სხვა ყველაფერი წარმავალია“, - წერს გოდუაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner