იტალიაში კონფერენციაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს შეხვდა. კონფერენციაზე მსჯელობა ევროპულ სისტემასთან გამოცდილების გაზიარებას დაეთმო.
„სომეხ კოლეგასთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. შეხვედრის ფარგლებში, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იუსტიციის სახლებისა და იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სთავაზობს მოსახლეობასა და ყველა ჩამოსულ სტუმარს. დავგეგმეთ, რომ იანვრიდან უკვე აქტიურად უნდა დავიწყოთ გამოცდილების გაზიარება ჩვენს სომეხ მეგობრებთან და დეტალურად გავაცნოთ ჩვენი ახალი პროექტი - მობილური იუსტიციის სახლი. თებერვალში ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი გაიმართება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, აზერბაიჯანელ კოლეგასთან, იუსტიციის სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობა მიმოიხილეს.
„ასევე, განვსაზღვრეთ ახალი სფეროები, რომლებიც უნდა დარეგულირდეს იმ მემორანდუმით, რომელსაც, სავარაუდოდ, მაქსიმუმ, თებერვალში გავაფორმებთ. შეხვედრა ძალიან კეთილგანწყობილი იყო“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.