სასამართლოს წევრი მერაბ ტურავა "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში მის ხელთარსებულ "კაბელების საქმის" ორ სარჩელზე საუბრობს, რომელიც რეგისტრაციაში ერთი და იმავე ნომრით გატარდა. მისი თქმით, ამ საქმეებს ერთი და იგივე ნომერი - 764 - აქვს მინიჭებული.
„პირველი ელექტრონული ფოსტით მივიღე 3 ივნისს, პარასკევ დღეს. მას მოჰყვა ინფორმაცია, რომ ამ სარჩელზე გამწესრიგებელი სხდომა ტარდებოდა ორშაბათს, 6 ივნისს. შაბათს მომივიდა იგივე ნომრით იგივე სარჩელი. თარიღად ისევ 3 ივნისი იყო მითითებული, თუმცა აღმოვაჩინე, რომ პირველი სარჩელი გვერდების რაოდენობით უფრო მცირე იყო. თანაც იქ არ იყო დაყენებული მოთხოვნა ისე, როგორც ეს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილი სარჩელების შემთხვევაში ხდება. მეორეს სამი გვერდი ჰქონდა დამატებული. ამ ვერსიაში სწორედ დამატებულ გვერდებში ცვლიდა თავის მოთხოვნას და უშვებდა კონსტიტუციის იმ ნორმას, რომელიც, მისი აზრით, იყო დარღვეული", აცხადებს ტურავა.
კითხვაზე, რატო მიიჩნევს ამას უცნაურად, როცა მისი ოპონენტი კოლეგები მიიჩნევენ, რომ სარჩელის ასეთი დაზუსტება მიღებულია სასამართლო პრაქტიკაში, ტურავა აცხადებს, რომ სარჩელის დაზუსტება სრულებით განსხვავდება სარჩელის შინაარსის შეცვლისგან, თანაც მისი რეგისტრაცია სხვა ნომრით ხდება, ან ამაზე სხვა წერილობითი დოკუმენტაცია შემოდის.
„როდესაც სარჩელი შემოდის, ხდება მისი ფორმალური და არა შინაარსის შემოწმება. ამის შემდეგ ტარდება ის რეგისტრაციაში. უკვე დარეგისტრირებული სარჩელი შედის თავმჯდომარესთან, რომელიც შემდგომ მას კოლეგიას გადასცემს. სრულიად წარმოუდგენელია, უკვე დარეგისტრირებული სარჩელი ვინმემ შეცვალოს", აცხადებს ტურავა.
მისი თქმით, სანამ მის ელექტრონულ ფოსტაზე მოხვდებოდა სარჩელი, პარასკევს შემოსული სარჩელი მივიდა პაპუაშვილთან, მან გაგზავნა კოლეგიის თავმჯდომარესთან და მერე მოხვდა მასთან.
„იგივე გზა უნდა გაევლო მეორესარჩელსაც და თანაც არასამუშაო დღეს, შაბათს, იმ დროს, როდესაც მას თარიღად წინა დღე ჰქონდა მითითებული და თანაც შინაარსიც შეცვლილი ჰქონდა", აღნიშნა ტურავამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განცხადებით, სარჩელის ავტორებს შინაარსი შესაძლოა პაპუაშვილმა შეაცვლევინა, თუმცა ეს შეიძლება ყოფილიყო თავმჯდომარეც, მოსამართლეც და კანცელარიის თანამშრომელიც, მაგრამ რეალურად ვინ იყო, ამის შესახებ მოკვლევა უნდა ჩატარებულიყო. კითხვაზე, რომელი ორგანოა უფლებამოსილი, ეს მოკვლევა ჩაეტარებინა, ტურავა აცხადებს, რომ მოკვლევის ჩატარება თავმჯდომარესაც შეეძლო, რა საკითხიც დააყენა, თუმცა ფაქტია, რომ ასეთი მოკვლევა არ ჩატარებულა.
„წერილი უკვე ჩაბარებული გვქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს კანცელარიაში და მას შემდეგ მივედი პროკურატურაში დაკითხვაზე. გამომძიებელი თვითონ დაინტერესდა ამ საქმის დეტალებით და დამისვა კითხვები მის გარშემო. მას უკვე ჰქონდა ინფორმაცია ამის შესახებ. სხვათა შორის, მე ყველა სარჩელი მაქვს ამობეჭდილი და ახლახან, მათი თვალიერების დროს აღმოვაჩინე კიდევ ერთი, რომლისთვისაც თავის დროზე ყურადღება არ მიმიქცევია, როგორც ჩანს: ეს სარჩელი ეხება "რუსთავი 2"სა და ტელეკომპანია "საქართველოს" სარჩელს. იქაც ანალოგიური შემთხვევა იყო. მისი რეგისტრაციის ნომერი გახლდათ 681. მაშინაც, როცა თავდაპირველი ვერსია გამოიგზავნა, იყო 23 გვერდი, მერე შეიცვალა და გახდა 42 გვერდი. მაშინაც ორივეს რეგისტრაციის ერთი და იგივე ნომერი ჰქონდა, სხვა შემთხვევაში, ჩვეულებრივი მოქალაქეების სარჩელებზე მსგავსი რამ არასდროს მომხდარა ", აღნიშნა ტურავამ.