შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის - „USS Arleigh Burke“-ის მეზღვაურებმა შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სწავლებაში სანაპირო დაცვის სამი სადარაჯო ხომალდი: „ოჩამჩირე“ (P23), „სოხუმი“ (P24) და „დიოსკურია“ (P25) მონაწილეობდა.
წვრთნების განმავლობაში ხომალდებმა ტაქტიკური მანევრები შეასრულეს და სხვადასხვა ელემენტის დახვეწაზე ერთობლივად იმუშავეს.
ერთობლივი წვრთნების მიზანი იყო ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფს შორის გამოცდილების გაზიარება, ეკიპაჟებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება.