„ევროკავშირმა კარი უნდა გაუღოს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ერთიან ეკონომიკურ ბაზარზე წვდომის მიზნით“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„თუ დღესდღეობით ევროკავშირის სრულყოფილი წევრობა არ არის შესაძლებელი იმის გამო, რომ თავად ევროკავშირია შიდა გამოწვევებში, მაშინ ტრიოს ერთიან ბაზარზე შესვლის საშუალება უნდა მივცეთ. ეს ნიშნავს 4 თავისუფლებას, რომელსაც ევროპის ეკონომიკური სივრცე ჰქვია. საუკეთესო მაგალითი ნორვეგიაა. ეს იქნება სარგებლისმომტანი, ნამდვილი შედეგი, ტრიოს მხარდაჭერაც, დახმარებაც და მომზადებაც მომავალი წევრობისთვის, რაც ეკონომიკის სწრაფ ზრდას გამოიწვევს. ერთიან ეკონომიკურ ბაზარზე წვდომით, საქართველო და ტრიოს დანარჩენი 2 წევრი შუალედურ სტატუსს მიიღებენ. მე ვიცი, რომ სამიტზე, სავარაუდოდ, კომისია წარმოდგენს რამდენიმე ტექნიკურ ინიციატივას და დიდი იმედი მაქვს, რომ მათ საბოლოო ჩამონათვალში აუცილებლად იქნება როუმინგის ფასების ადაპტაცია, რადგან ჩემთვის წარმოუდგენელია, რატომ უნდა ვიხდიდე ინტერნეტის მომსახურებაში ბელგიაში უფრო ნაკლებს, ვიდრე თბილისში“, – აღნიშნა კუბილიუსმა.