„რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ქალაქში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდნენ,“ - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით გაიმართა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის აღსრულებაზე, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე და საწარმოების მხრიდან ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ პოლიტიკურად, როდესაც პარლამენტმა მიიღო გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის კანონი. ეს პროცესი გრძელდება, სწორედ ასეთი შეხვედრებით, ერთად დგომით შევძლებთ იმას, რომ საწარმოო პროცესები გაუმჯობესდეს, გადავიდეს ევროპულ სტანდარტებზე და დააკმაყოფილოს ყველა ის მოთხოვნა, რომელიც კანონშია გაწერილი. ეს არ არის მარტივი, ჩვენ ყველას და განსაკუთრებით რუსთაველებს, გვესმის, რომ ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა. საწარმოებში დასაქმებულია ათასობით რუსთაველი და როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკას შევუქმნათ შესაბამისი პირობები, თუმცა ასევე უკომპრომისო და შეუვალები ვიქნებით იმაში, რომ კანონი აღსრულდეს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მისივე განცხადებით, რუსთავში მოქმედ საწარმოების მიეცათ გარკვეული ვადა იმისთვის, რომ აღასრულონ კანონი, მაგრამ ეს გონივრული ვადაც ამოიწურა და უკვე კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან.
„როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხო ქალაქზე, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სწორედ უსაფრთხო გარემოა, სადაც იზრდებიან ჩვენი შვილები და ვცხოვრობთ რუსთაველები. არის რაღაც გონივრული ვადა, ეს გონივრული ვადაც ამოიწურა და უკვე აუცილებელია საწარმოებმა წარმოადგინონ კონკრეტულ ვადებში გაწერილი გეგმა, რას აპირებენ და რა პერიოდიდან შევძლებთ, იმას რომ რუსთავში იყოს სუფთა ჰაერი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ნინო ლაცაბიძემ.
როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა განაცხადა, გარკვეული ნაბიჯები საწარმოების მხრიდან უკვე გადადგმულია.
„ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ უმოქმედობაა მათი მხრიდან, გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვთ. მარტიდან ელოდებიან დანადგარებსა და პროცესი გაკონტროლდება ჩვენი მხრიდან. რა თქმა უნდა, ბიზნესს ხელი უნდა შევუწყოთ, ამ კომპანიებში ათასობით ადამიანია დასაქმებული, მაგრამ ბიზნესის კეთებაც უნდა შევძლოთ ისე, რომ არ მოვახდინოთ გარემოზე ზემოქმედება“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი დოხტურიშვილმა.