„სამმხრივი ბიზნესფორუმი ის ღონისძიებაა, რომელიც ნამდვილად მოწმობს, რომ ამ სამმა ქვეყანამ შევძელით კერძო სექტორთან ერთად გაგვეძლო პანდემიის ურთულესი და კომპლექსური გამოწვევისთვის და აქცენტი გადაგვეტანა მომავალზე, რათა უფრო მეტად გავაღრმაოთ და გავააქტიუროთ ჩვენი ბიზნეს-კავშირები“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს ბაქოში მიმდინარე საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნესფორუმის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
სამმხრივი ბიზნესფორუმი 2012 წლიდან ტარდება და წელს უკვე მეექვსედ იმართება. ფორუმში მონაწილეობს ბიზნესის 100-ზე მეტი წარმომადგენელი სამივე ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან წარმოდგენილია 20-ზე მეტი კომპანია. როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად ახლაც მოხერხდა მისი მაღალ დონეზე ორგანიზება და ჩატარება, რისთვისაც მან აზერბაიჯანის მხარეს მადლობა გადაუხადა.
ნათია თურნავამ ფორუმის მონაწილეებს გააცნო საქართველოს მთავრობის ანტი და პოსტპანდემიური გადაწყვეტილებები, მათ შორის ბიზნესის ხელშემწყობის პოლიტიკის კუთხით. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანს და თურქეთს ისტორიულად აერთიანებს სტრატეგიული, რეგიონული ლოგისტიკური, ენერგეტიკული პროექტები და დერეფნები, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება და ეს არის ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების და ეკონომიკური თანამშრომლობის საწინდარი.
„ფორუმზე საქართველოდან წარმოდგენილია როგორც უკვე მოქმედი ბიზნესები, სადაც უკვე მონაწილეობს აზერბაიჯანული ან თურქული ინვესტიცია, ასევე ის ბიზნესები, რომელთაც სურთ ახალი ურთიერთობების დამყარება, იქნება ეს სავაჭრო თუ საინვესტიციო კავშირები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონი ახლა ეკონომიკურ აღდგენას განიცდის, გამოდის პანდემიური კრიზისისგან, განსაკუთრებით საქართველო, რომელიც ბიზნესმენებს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და სტაბილურ მაკროეკონომიკურ სთავაზობს და ორი ქვეყნის მიერ განიხილება, როგორც საინვესტიციო პლატფორმა და ჩვენ დღეს ამაზე გვქონდა საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ახლა B2B შეხვედრები ორმხრივ და სამმხრივ ფორმატში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გახდება ახალი საინტერესო პროექტების დასაწყისი“, - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ფორუმის მნიშვნელობაზე საუბრისას.
ნათია თურნავას ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია - დაწყებული სოფლის მეურნეობის წარმოებით და გადამუშავებით და დამთავრებული ქიმიური მრეწველობით, საშენ მასალათა წარმოებით, დეველოპმენტით და ა.შ. მინისტრის თქმით, ყველა ამ სფეროში გვყავს ინვესტორები ორივე მეზობელი სახელმწიფოდან და არის შესაძლებლობა, რომ მათი მონაწილეობა კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს.
„მზარდია ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის სტატისტიკა, ის მიმდინარე წლის განმავლობაში ორნიშნა რიცხვითაა წარმოდგენილი როგორც თურქეთთან, ისე აზერბაიჯანთან. ძალიან სწრაფად ხდება პანდემიის დროს დაზარალებული ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, და რა თქმა უნდა, ჩვენ, ეკონომიკური უწყებები ყველანაირად შევუწყობთ ხელს რეგიონში ეკონომიკის განვითარებას და კავშირების განმტკიცებას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.