ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, ღია მმართველობის პარტნიორობის მე-7 გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში წარიმართა.
სამიტის მიზანია უზრუნველყოს პლატფორმა ღია მმართველობის პარტნიორობის დაარსებიდან 10 წლისთავზე მიღწეული პროგრესის ასახვისა და მომავლის ხედვების წარმოჩენისათვის სამოქალაქო სივრცისა და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ინკლუზიური ციფრული ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებებით.
სამიტზე სპეციალური პანელი მიეძღვნა პარლამენტებს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ საკუთარი გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკისა თუ ღია მმართველობის ინიციატივების განხორციელებაში მიღწეული შედეგების გასაზიარებლად.
გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო პანელის სესიაში „ინოვაციური ანტიკორუფციული ღონისძიებები: ახალი გამოწვევები და განახლებული სტრატეგიები“. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის მიერ კოვიდპანდემიის განმავლობაში გამოყენებული საზედამხედველო მექანიზმების თაობაზე ისაუბრა, რომელთა მიზანიც მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შემოწმება იყო. ასევე ყურადღება გაამახვილა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებებზე, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება საკანონმდებლო ორგანოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის კიდევ უფრო გაზრდა.
„Covid-19-ის გლობალურმა პანდემიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დააზარალა ქვეყნები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის, ეკონომიკისა თუ დემოკრატიული პროცესების განვითარების მიმართულებით. პანდემიამ შექმნა უპრეცედენტო გამოწვევები, რომელთა გადალახვა საჭიროებს ეფექტურ საყოველთაო ძალისხმევას, ამიტომაც ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება წარმატების მისაღწევად და პანდემიის ზეგავლენის შესამცირებლად“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.