logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ გვჭირდება ევროპა, ეს პოლიტიკური ნებაა
- +

15 დეკემბერი. 2021. 16:29

 

„ჩვენ გვჭირდება ევროპა, ეს პოლიტიკური ნებაა. ეს არის ძალა. ასე რომ, ნატო ევროპელების მოქმედების ერთ-ერთი საშუალებაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „France 24“-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

„აღვნიშნავ, რომ ევროკავშირი პირველად გვაძლევს ფინანსურ დახმარებას თავდაცვის საჭიროებებისთვის - უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, სამივე ასოცირებულ ქვეყანას. ეს წელი ჩვენთვის ევროპის უფრო დიდი ჩართულობით აღინიშნა.

 

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს სამჯერ ეწვია. ის საქართველოს შიდაპოლიტიკურ კრიზისზე სამუშაოდ ჩამოვიდა, რაც აქამდე არ მომხდარა. ის ჩამოვიდა პირადად პეტრას სამიტზე დასასწრებად, რომელიც იყო სამი ასოცირებული ქვეყნის უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ლიდერების სამიტი, რომელიც ჩვენ ამ ზაფხულს გავმართეთ ბათუმთან ახლოს. ის ჩამოვიდა და ასევე ეწვია სომხეთსა და აზერბაიჯანს.

 

სამწუხაროდ, ევროკავშირმა ამ კონფლიქტის მოგვარებაში, თავიდანვე არ ითამაშა თავისი როლი, მაგრამ ჩამოვიდა იმის საჩვენებლად, რომ ევროკავშირი არ დარჩება კონფლიქტის მოგვარების მიღმა.

 

თანხები წამოვა ამ წლიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ და მის კონტურებს დააკონკრეტებს მომდევნო სამიტი. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ღია ვართ ყველა ინფრასტრუქტურისთვის, ყველა პროექტისთვის, ყველაფრისთვის, რასაც შეუძლია, რომ კავკასია სტაბილურობის, შეხვედრებისა და ეკონომიკური განვითარების რეგიონი გახადოს, მაგრამ არაფერი ევროპის გარეშე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

პრეზიდენტმა ასევე 15 დეკემბრის სამიტთან დაკავშირებით ისაუბრა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ჰკითხა: „15 დეკემბრის სამიტზე ევროპელები აპირებენ, რომ მოლდოვა, საქართველო და უკრაინა გარკვეულწილად წაახალისონ. მაგრამ გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, ამ ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის შესახებ აღიარება არ ექნებათ. ეს იმედებს გაგიცრუებთ?“.

 

„არა. იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვართ რეალისტები და თუ ვიცით, რა ხდება ევროკავშირის შიგნით, ვიცით, რომ ამ კი-ს თქმა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მოიცავს ყველა წევრ ქვეყანას და რომელიც ევროკავშირის შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო დღეს არ იქნება მიღებული. სწორედ ამიტომ გვაქვს უფლება განვაგრძოთ იმაზე ფიქრი, რომ ეს პერსპექტივაა. საქართველომ უკვე გამოაცხადა, რომ 2024 წელს ოფიციალურად თავის კანდიდატურას წარადგენს. იმავდროულად, ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ინტეგრაციის ყველა სექტორზე და გუშინ აღვნიშნეთ საქართველოს ,,ჰორიზონტ ევროპის“ ასოცირებული წევრობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია.

 

ეს არის ყველა ეს სექტორი, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევიდეთ ევროკავშირში. მე მჯერა, რომ ერთ დღეს ევროკავშირი აღმოაჩენს, რომ ჩვენ ევროკავშირში ვართ და არა გარეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის თანამშრომლობის ძალიან წინ წასული ფორმა, რომელიც ასევე მოითხოვს დამატებით ძალისხმევას ჩვენი მხრიდან. ჩვენ გვჭირდება წინსვლა მართლმსაჯულების რეფორმაში, ჩვენ გვჭირდება შემდგომი სოციალური რეფორმა და ეკონომიკური რეფორმები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner