logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი
- +

15 დეკემბერი. 2021. 18:50

 

„საკონსტიტუციო ცვლილებებზე ყველა თემა არის ღია, რაც გულისხმობს იმას, რომ არაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ერთადერთი, რაზეც მკაფიო პოზიცია გვაქვს, არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, შეხვედრაზე მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი განიხილეს და ოპოზიციას მათი პოზიცია აინტერესებდა, თუმცა, საჯაროდ დეტალებს ვერ დააკონკრეტებს.

 

მისივე ინფორმაციით, შეხვედრა ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლების თხოვნით გაიმართა.

 

„დეტალებს ვერ დაგიკონკრეტებთ, რაზე იყო მსჯელობა. ყველაფერი არის ღია ამ თემაზე. ჩვენი პოზიცია ის არის, რომ ამ ეტაპზე, ყველა თემა არის ღია - ასეც შეიძლება და ისეც. ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და რა შედეგით დასრულდება, მათ შორის, პირველ რიგში ოპოზიციის ქმედებებზე. ყველა თემაზე ვიმსჯელებთ, ყველა თემა არის ღია. ღია იმას გულისხმობს, რომ არაფერზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, პირველ რიგში, კონსულტაციები გვჭირდება საპარლამენტო უმრავლესობასთან. მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რამდენჯერ უნდა მოქმედებდეს შესაძლო დაბალი ბარიერი და ა.შ. ერთადერთი, რაზეც გვაქვს პოზიცია ჩამოყალიბებული, ეს არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი. „ქართულმა ოცნებამ“ ვირტუალური ბარიერი 43 პროცენტი გადავლახეთ და 47 პროცენტი ავიღეთ. ბუნებრივია, ამის შემდეგ 2024 წლამდე ყველანაირი თემა რიგგარეშე არჩევნებზე არის დახურული. ჩვენი დამოკიდებულება ძალიან კონსტრუქციულია. ჩვენ სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ქვეყანაში ვითარება უკეთესი იყოს, კერძოდ, პოლიტიკურ სისტემაში უკეთესი მოცემულობა იყოს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. კონსულტაციები თუ იქნება სხვადასხვა თემაზე, კანონპროექტზე, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მზად ვართ, შეხვედრისთვის და კონსულტაციებისთვის, ეს არის ჩვენი კონსტრუქციული დამოკიდებულება. ასეთივე დამოკიდებულება არის მნიშვნელოვანი ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიციის ქმედებებზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ოპოზიციის ლიდერებსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის დღეს პარლამენტში დახურული შეხვედრა გაიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner