„გუშინ პარლამენტში ლატარიის, აზარტული და მოგებიანი თამაშების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა გაიმართა. განხილვას პოლიტიკოსები და შეთავსებით მედია მენეჯერებიც ესწრებოდნენ, განხილვის მიმდინარეობას დეტალურად არ აღვწერ, ყურადღებას მხოლოდ ე.წ. მედია მენეჯერების პოზიციაზე გავამახვილებ“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არ შეიძლება განხილულ იყოს, როგორც მედიაზე თავდასხმა:
„მესმის, რომ სათამაშო ბიზნესის კანონის ფარგლებში მოქცევა მედიის შემოსავლებზე იმოქმედებს, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს სარეკლამო ბაზარს დაარეგულირებს, სადაც ფასები არაადეკვატური და გაბერილია, ასევე, მედია მენეჯერებს მოუწევთ დაამტკიცონ საკუთარი პროფესიონალიზმი და შემოსავლის ალტერნატიული წყაროები მოიძიონ, რაც მერწმუნეთ შესაძლებელი და განხორციელებადია.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არ შეიძლება განხილულ იყოს, როგორც მედიაზე თავდასხმა, საქართველოში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება კანონით დაცულია, რომელსაც საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება ე.წ. მედია მენეჯერების პოზიციას, „ტვ პირველის“ მფლობელი ვატო წერეთელი და „მთავარი არხის“ წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგმა იმდენად შეაშინა, რომ საზოგადოებას სახე დაკარგული ესაუბრება. განცხადება, რომელიც ონლაინ კაზინოების და სათამაშო ბიზნესის აკრძალვას შეეხება, მათ არაკომპეტენტურობაში გვარწმუნებს, მინდა ე.წ. მედია მენეჯერებს შევახსენო რა ხდება ევროპაში და როგორ რეგულირდება რეკლამის საკითხი
ონლაინ თამაშების რეკლამა სრულად ან ნაწილობრივ აკრძალულია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის: გერმანია, დანია, ესტონეთი, იტალია, პორტუგალია, ლიტვა, ლატვია, ჩეხეთი და ა.შ. ერთხელ მაინც გსმენიათ, გერმანიაში, იტალიაში ან ლატვიაში მოქმედი ტელეარხის მფლობელი გამოსულიყო და ეთქვას, რომ რეკლამის აკრძალვით ვინმე მედიის ჩაწიხლვას ცდილობს? რა თქმა უნდა, არ გამოსულან რადგან მათ აქვთ კომპეტენცია, აქვთ განათლება და აქვთ მორალი, ყოველივე ის რაც თქვენთვის უცხო და მიუღებელია.
რაც შეეხება ზოგადად პრემიერის ინიციატივას, პრემიერი მოქმედებს საზოგადოების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საზოგადოების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, მისი ინიციატივა მისაღები და მისასალმებელია, რადგან სათამაშო ბიზნესის შეზღუდვა თაობების გადარჩენის შესაძლებლობის ერთადერთი გზაა, გზა რომელიც ევროპამ უკვე გაიარა“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.