ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, „ომიკრონი“ იანვრის შუა რიცხვებისთვის ევროპაში დომინანტური შტამი იქნება, ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.
ლეიენი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირს შეუძლია დაავადების დამარცხება, თუ მოსახლეობის 66% სრულად ვაქცინირებული იქნება.
„ბევრი თქვენგანის მსგავსად, ძალიან ვწუხვარ, რომ შობას პანდემია დაჩრდილავს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ მხოლოდ ვაქცინაცია „ომიკრონის“ გავრცელებას ვერ შეაჩერებს. ევროკავშირის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ანდრეა ამონის თქმით, „ომიკრონის“ შემთხვევების სწრაფი ზრდა ევროპასა და ევროპის ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე გარდაუვალია. ის, ასევე, ამბობს, რომ დამატებითი ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევები მოიმატებს.
ანდრეა ამონისი მოუწოდებს ქვეყნებს, იმოქმედონ სწრაფად, რომ შემცირდეს ვირუსის გავრცელება და ჯანდაცვის სისტემებს ტვირთი შეუმსუბუქდეს.
მანამდე, „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების შესახებ ისაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც - ტედროს გებრეიესუსის თქმით, შტამი აქამდე არნახული ტემპით ვრცელდება.
„ხაზგასმით ვამბობ, მხოლოდ ვაქცინები ვერცერთ ქვეყანას ამ კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. ვაქცინაცია, ნიღბები, დისტანცია, ვენტილაცია, ხელის ჰიგიენა - ყველაფერი გააკეთეთ“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ჯანმოს ხელმძღვანელმა.