მემორანდუმს ხელი მოაწერეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დუშეთის მერმა მანანა ნარიმანიძემ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პაველ ვიზდალმა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს უფროსმა ალექსანდრე კარნერმა.
პროგრამა 2018-2024 წლებში ხორციელდება და მისი საერთო ბიუჯეტი 2.3 მილიონი ევროა, რომლის 61%-საც ჩეხეთის განვითარების სააგენტო, 30%-ს ავსტრიის განვითარების სააგენტო, საერთო ბიუჯეტის 9%-ს კი სლოვაკეთის რესპუბლიკა დაფარავს, ხოლო საქართველოს მხრიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დუშეთის მერია ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას გაუწევენ.
„დაცული ტერიტორიების გაფართოება ჩვენი პრიორიტეტია. ბოლო წლების განმავლობაში, დაცული ტერიტორიების ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა და, დღეისათვის, ქვეყნის ტერიტორიის 12 პროცენტს შეადგენს. დუშეთის მუნიციპალიტეტში, 100 ათასი ჰექტარი დაემატა დაცულ ტერიტორიებს, სადაც ნაწილი დაცული ლანდშაფტის სახით არის წარმოდგენილი, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის მიერ დაცული ტერიტორიების მართვას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივი ეკონომიკის, მათ შორის, ტრადიციული საქმიანობების განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ, ამ მხარდაჭერით, დუშეთის მუნიციპალიტეტი შეძლებს დაცული ტერიტორიების წარმატებით მართვას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც დუშეთის მერმა მანანა ნარიმანიძემ აღნიშნა, მემორანდუმი მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური სამსახურებისა და მეტყევეობის მდგრად განვითარებას. აღნიშნული პროგრამა, არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვით, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს არის მორგებული.