სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული - უსაფრთხოების ზამთრის სკოლის დახურვის ცერემონია გაიმართა.
ზამთრის სკოლის მონაწილეები, ღონისძიებამდე შავნაბადას სპეცდანიშნულების ბაზას ეწვივნენ, სადაც მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა უმასპინძლა და სტუდენტებთან ერთად საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო.
სტუდენტებს სიტყვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა მიმართა.
სიტყვით გამოვიდნენ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე შენგელი ფიცხელაური და ევროკავშირის წარმომადგენელი დენ პიტერსონი.
ზამთრის სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიების დასასრულს ზამთრის სკოლის პროექტის შესახებ ვიდეოჩვენება მოეწყო.
უსაფრთხოების ზამთრის სკოლა ევროკავშირის პროექტის- „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობა“ ფარგლებში მხარდაჭერით გაიმართა.
პროექტის პარტნიორები იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები არიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლა ორი კვირის განმავლობაში ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობდა.
მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 24 სტუდენტს ყოველდღიურად პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობა უტარდებოდათ. სტუმრის საათის ფარგლებში კი ხვდებოდნენ უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებს.