logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: მოკლედ რომ ვთქვა, „ნაცების“ აზრით, სტელსი ვართ. რადარებზე არ ვჩანვართ, მაგრამ საქმეს ვაკეთებთ
- +

16 დეკემბერი. 2021. 14:20

 

„სამიტზე ევროკავშირის მხრიდან დადასტურდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ მოხდა ასოცირებული პარტნიორების ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების აღიარება“, - ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჭიძე აცხადებს და პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს აფასებს.

 

„დამთავრდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა. ბევრ საინტერესო საკითხზე გამახვილდა ყურადღება, მაგრამ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც უსაფრთხოების თემაა. ირაკლი ღარიბაშვილმა, სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაძლიერებული ჩართულობის აუცილებლობას კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელების მიმართულებით.

 

სამიტზე ევროკავშირის მხრიდან დადასტურდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ მოხდა ასოცირებული პარტნიორების ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების აღიარება და ხაზგასმით აღინიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების სუვერენული უფლებაა, თავად განსაზღვრონ ევროკავშირთან ურთიერთობების სიღრმე და თანამშრომლობის ხარისხი. სამიტი მიესალმა სამი ასოცირებული პარტნიორის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის - ე.წ. „ასოცირებული ტრიოს“ ძალისხმევას, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენაა მიმართული და მიზნად ისახავს ამ პროცესში ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებების შესრულებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიმართულებით. ლიდერებმა კვლავ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ სიტუაციაზე და აღინიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში.

 

ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რეგიონის კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით განახლებული ძალისხმევის აუცილებლობას, რაც ევროკავშირის ძლიერ ჩართულობასაც გულისხმობს. სამიტზე საინტერესო და მოქალაქეებისთვის ხელშესახები პროექტებიც გახმიანდა: ევროს ერთიანი გადახდის სივრცეში გაწევრიანება; რეგიონის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან როუმინგზე ფასების შემცირება; მცირე და საშუალო საწარმოთა, მათ შორის სტარტაპების მხარდაჭერა; სტუდენტებისა და აკადემიური წრეების მობილობის ხელშეწყობა და ევროპის სოლიდარობის კორპუსის, „ერასმუს პლუსისა“ და „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამებით სარგებლობის გაფართოება და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვა, ნაცების აზრით, სტელსი ვართ. რადარებზე არ ვჩანვართ, მაგრამ საქმეს ვაკეთებთ“, - წერს გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner