logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: მნიშვნელოვანი იყო მკაფიო გზავნილი რუსეთისადმი, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრი სახელმწიფოები
- +

16 დეკემბერი. 2021. 18:20

 

„პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ამ ვიზიტმაც აჩვენა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო ეტაპობრივად ზრდის საერთაშორისო ინტეგრაციას და ის მწარე რეალობაც თუ ვინ არის რეალურად „გამქრალი საერთაშორისო რადარებიდან“, რაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გადაჯაჭვულ ქართულ ოპოზიციაზე უფრო ითქმის,“ - ასე ეხმიანება ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტზე მონაწილეობას ეხმიანება

 

ექსპერტი თავის ვრცელ პოსტში იმ მნიშვნელოვან და დადებით ასპექტებს უსვამს ხაზს, რაც იქნა განხილული სამიტის მიმდინარეობისას.

 

„ქართული ე.წ. მეინსტრიმული მედია რეალურად, რომ ოპოზიციის პარტიული ტელევიზიებია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის გაშუქებით, ფაქტობრივად კი უფრო გაუშუქებლობითაც გამოჩნდა კიდევ ერთხელ. ამ დროს სხვა რაიმე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა, ვფიქრობ, ნამდვილად არ ხდება. არც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია აქტუალური შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკისთვის და არც 21 დეკემბრის მიტინგზე რამდენი ადამიანი გამოვა. ეს ვიზიტი კი პირველ რიგში იმითაც არის მნიშვნელოვანი და იმსახურებს ფართო გაშუქებას, რომ ქვეყნის საერთაშორისო აქტივობის თავისებურ მდგენელადაც გამოდგება, რადგან მიმდინარეობდა რუსეთის მხრიდან ანტიდასავლური განცხადების და მთელი ცივილური სამყაროს ღია შანტაჟის და უკრაინაში მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის ფონზე, NATO-ს გაფართოებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში იყო მნიშვნელოვანი საქართველოს პრემიერის NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დროს, მკაფიო გზავნილი რუსეთისადმი, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება უცვლელია და საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრი სახელმწიფოები. ასევე, უმნიშვნელოვანესი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და დეკლარაცია, რომელიც სამიტზე იქნა დამტკიცებული, რაც „ასოცირებული ტრიოსთვის“ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე თანდათანობით ინტეგრაციას ითვალისწინებს. დეკლარაციის ნაწილია ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი, რომლის შემუშავებაშიც ევროკავშირსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული საქართველო. ახალი მეტად ამბიციური დღის წესრიგი, იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ხელს შეუწყობს პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების, ეკონომიკების, ინსტიტუტების, გარემოსდაცვითი და ციფრული ტრანსფორმაციის მექანიზმების გაძლიერებას და მეტ ინტეგრაციას მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან, 500-მილიონიანი მოსახლეობით. შეერთებული შტატები და ევროკავშირი ნომინალური თვალსაზრისით მსოფლიოში ორი უდიდესი ეკონომიკაა. 2021 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ეკონომიკა აშშ სთან ერთად მთლიანი გლობალური მშპ-ს 42.4%-ს შეადგენს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი კი, გულისხმობს როგორც მოკლე, ასევე საშუალო და გრძელვადიანი კონკრეტული მიზნების მიღწევას, რაც ევროკავშირის ახალი, 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის (17 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალით) რეგიონული საინვესტიციო გეგმის მეშვეობით განხორციელდება. თუ მხედველობაში მივიღებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივასაც, რასაც ახალი იმპულსი, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლისადმი, კონგრესმენთა ჯგუფის ბოლო განცხადებამაც მისცა, ქვეყანას აქვს კარგი შანსი არა მხოლოდ ეკონომიკის მდგრადობა უზრუნველყოს, გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, რაც ახალი სამუშაო ადგილებს გააჩენს, არამედ რეგიონულ ჰაბადაც კი იქცეს, და არც თუ შორეულ მომავალში. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ამ ვიზიტმაც აჩვენა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო ეტაპობრივად ზრდის საერთაშორისო ინტეგრაციას და ის მწარე რეალობაც თუ ვინ არის რეალურად „გამქრალი საერთაშორისო რადარებიდან“, რაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გადაჯაჭვულ ქართულ ოპოზიციაზე უფრო ითქმის“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner