„იმ ფონზე, როდესაც სესიის პირველ ნახევარში მოვისმინეთ მონეტარული პოლიტიკის შესახებ ანგარიში და როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან დაფიქსირდა ძალიან მწვავე და კრიტიკული შენიშვნები ქვეყანაში არსებულ ინფლაციასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ ჩვენ დღეს მოვისმინეთ ინფორმაცია იმ პოზიტიური ძვრების შესახებ, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში იგეგმება, ეს არის ერთადერთი წამალი იმ ინფლაციის პროცესების შესაჩერებლად, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას გამოსვლის შეფასებისას.
ეკა სეფაშვილმა მინისტრს მადლობა გადაუხადა „პრაქტიკული ხასიათის მოხსენების წარმოდგენისათვის“, ვინაიდან მისივე თქმით, მინისტრმა წარმოადგინა ინფორმაცია როგორც საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ, ასევე საუბარი შეეხებოდა იმ პრობლემებსაც, რომლის წინაშეც დგანან დღეს სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო, და იმ გამოწვევებსაც, რომლებიც ქვეყნის წინაშე არსებობს.
„მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ ჩვენ დღეს მოვისმინეთ ინფორმაცია იმ პოზიტიური ძვრების შესახებ, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში იგეგმება, ეს არის ერთადერთი წამალი იმ ინფლაციის პროცესების შესაჩერებლად, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. და ძალიან კარგია, რომ სამინისტრო ყურადღებას უთმობს სოციალური უთანასწორობის პრობლემას, რაც გამოიხატება და როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯინის ინდექსის მაჩვენებლის გაუმჯობესებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მისასალმებელია, რომ ჩვენ 2-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე გავდივართ, რაც მომავალ წელს ერთ სულზე 5 500 დოლარის შემოსავალში აისახება, რაც ასევე მნიშვნელოვანია სწორედ ამ ეკონომიკური ზრდის და ინფლაციური პროცესების შენელების თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მან უმრავლესობის სახელით მინისტრს და მის გუნდს, მთლიანად მთავრობას წარმატება უსურვა ამბიციური გეგმების შესრულებაში, ხოლო ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, „ვისაც ნამდვილად შესტკივა გული და ნამდვილად სურს მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“, კონსტრუქციული და პოზიტიური თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.