logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლების გეგმა 2022 წელს გახლავთ ბიუჯეტის ზრდა ეკონომიკის რეალური ზრდის ხარჯზე
- +

16 დეკემბერი. 2021. 23:56

 

„2022 წლის ბიუჯეტის იზრდება საშემოსავლო გადასახადის, მოგების გადასახადის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ხარჯზე. ეკონომიკაში სამივე წყარო, რის ხარჯზეც ბიუჯეტი იზრდება, პირდაპირ გახლავთ დაკავშირებული ეკონომიკურ აქტივობასთან. არც ერთი გადასახადი აქედან არ არის ის, რომელსაც ზრდის კანონით ხელისუფლება არამედ, ეკონომიკის გაზრდის ხარჯზე და ეს ის გადასახადებია, რაც პირდაპირ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდება. თუ ეკონომიკა გაიზრდება ამ გადასახადებით პროპორციულად შემოსავალიც იზრდება. ფაქტია, რომ 2022 წლის ბიუჯეტი სწორედ, ამ გადასახადების საფუძველზე იზრდება, რაც ნიშნავს რომ ხელისუფლების გეგმა 2022 წელს გახლავთ ბიუჯეტის ზრდა ეკონომიკის რეალური ზრდის ხარჯზე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მომდევნო წლის ბიუჯეტის ძირითად ოპტიმისტური ამოცანებია: პენსიების ზრდა, მათ შორის ვეტერანთა პენსიების, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა, რეგიონების დაფინანსების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება, დეფიციტის შემცირება, „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს და პროგრამის დაფინანსების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება, პოლიციელებისთვის, ექიმებისთვის და იმ ადამიანებისთვის ხელფასების ზრდა, რომლებიც ყოველდღიურად საჯარო სერვისებს აწვდიან მოქალაქეებს, კაპიტალური დანახარჯების დაგეგმვა 5,9 მილიარდ ლარზე და ჯანდაცვის და სოციალური პორტფელის 6 მილიარდიანი დაფინანსება.

 

„ალბათ ყველას გვესმის, რომ ამ რიცხვების უკან დგანან ადამიანები, ვინც კონკრეტულ დახმარებას ელიან მომავალ წელსაც სახელმწიფოსგან და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მან ოპოზიციას მიმართა და შეახსენა, რომ მხარდამჭერებმა ისინი აირჩიეს იმისთვის, რომ დარბაზში იყვნენ და კრიტიკული პოზიციები წარადგინონ.

 

„თქვენ არ ხართ ამ დარბაზში შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ მიღწევებზე და ვსაუბრობთ იმ ამოცანებსა და გამოწვევებზე რომელიც გვაქვს მომდევნო პერიოდში. როდესაც თქვენ მობრძანდებით ყურადღებით მოგისმენთ რას იტყვით და რა უკეთესი ინიციატივები გექნებათ ამ კუთხით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მან განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2014 წლიდან დღემდე „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 1025 პროექტი, ჯამური ინვესტიციით 2 მილიარდ ლარზე მეტით და მხოლოდ ამ პროგრამით, შეიქმნა და 26 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი.

 

„2015-2021 წლებში ეკონომიკის სამინისტროს მიკროგრანტების კომპონენტი დაფინანსდა 7 ათასამდე პროექტი, ჯამური ინვესტიციით 80 მლნ. ლარით, რომლის ფარგლებში 18 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. 2020 წლიდან მოყოლებული დღემდე, საკრედიტო საგარანტიო სქემით ისარგებლა 314 ბენეფიციარმა შედეგად, შეიქმნა 6000 სამუშაო ადგილზე მეტი. ინვესტიციამ კი 250 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამით ისარგებლა 7 ათასზე მეტმა მოქალაქემ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მხოლოდ 2020 წელს სამინისტრომ 6000 პროექტი განახორციელა, რაშიც 1300 კომპანია იყო ჩართული და 30 ათასი ადამიანი დასაქმდა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას წყალუზრუნველყოფილი ფართობების მოცულობა 2012 წელს იყო 45 ათასი ჰა. ხოლო დღეის მდგომარეობით შეადგენს 125 ათასი ჰა-ს. მისივე თქმით, 2012-2021 წლებში სოფლის მეურნეობის სააგენტომ განახორციელა 23 პროექტი და პროგრამა. სოფლის მეურნეობაში ჯამური ინვესტიცია 4,5 მლრდ ლარამდეა. 2012-2021 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამებით შეადგენს 100 000. მისივე თქმით, 2012 წელს ექსპორტზე 19 მლნ ბოთლი ღვინო გადიოდა ხოლო, მომდევნო წლებში, პანდემიის დაწყებამდე ღვინის ექსპორტი 90 მლნ ბოთლამდე გაიზარდა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

როგორც თალაკვაძემ ინოვაციების სექტორზე საუბრისას აღნიშნა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სამი საგრანტო პროგრამის ფარგლებში, უკვე დაფინანსებული აქვს 200-ზე მეტი გლობალური მასშტაბის ინოვაციური სტარტაპ კომპანია და პროექტი და მასში სახელმწიფოს მხრიდან ამ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიცია არ აღემატება 20 მლნ ლარს. მისი თქმით ახალგაზრდა კომპანიებმა და ბიზნეს ინიციატივებმა ჯამში 200 მლნ ლარზე მეტი უცხოური კერძო ინვესტიცია მოიზიდეს. 2021 წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, მაღალტექნოლოგიური სტარტაპ კომპანია წარმატებით გავიდა საერთაშორისო ბაზარზე და ინდუსტრიაში ციფრების გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ სპინ ქარმა ქართული სტარტაპ კომპანია იყიდა სადაც, გარიგების ღირებულებამ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი შეადგინა.

 

„ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ეკონომიკა განვავითაროთ, არა მხოლოდ პასუხისმგებლობა გვაქვს რომ აღვადგინოთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა, ჩვენი მოვალეობა ასევე არის, რომ შევქმნათ პოზიტიური მოლოდინები. იმ დესტრუქციით, რასაც ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, იმ ქცევით, როდესაც დარბაზში ბიუჯეტის და ეკონომიკის სექტორის განხილვას ჩვენი ოპონენტები არ ესწრებიან, მაგრამ სურთ თანხმობა, საბიუჯეტო დაფინანსება იმ ეკონომიკიდან, რომლის განხილვაზეც საერთოდ არ მოდიან, ეს არის ელემენტარული უპასუხისმგებლობა, უპასუხისმგებლო ადამიანები პასუხისმგებლიან პოლიტიკას ვერ ქმნიან. სანამ მაღალფარდოვან სიტყვებს იტყვიან ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან პირველ რიგში, უნდა შეასრულონ ის დავალება რაც მათ მიიღეს მხარდამჭერებისგან, ოპონირება უნდა გაუწიონ ხელისუფლებას, რასაც ვერ აკეთებენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner