საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დამატებული ღირებულების გადასახადის ყალბი აქტივების შექმნის გზით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი 3 კომპანიის სახელით, ურთიერთშორის მოახდინეს 249 900 ლარის ღირებულების საპროექტო მომსახურების მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაწერა, რა გზითაც ერთ-ერთ კომპანიას უსაფუძვლოდ წარმოეშვა 38 120 ლარის ზედმეტობა, რომელიც შემდგომში გამოიყენეს ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად, ხოლო მეორე კომპანიამ უსაფუძვლოდ შეიქმნა საპროექტო სამუშაოების განხორციელების გამოცდილება, რაც ბრალდებულს შემდგომში უნდა გამოეყენებინა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.