პოეტისა და მწერლის ლია რუსიაშვილის საბავშვო წიგნი „სალი კოლხელის" მეორე ტომი - „ოქროს ვაშლის საიდუმლოება" უკვე გამოვიდა. მწერლის შეხვედრა მკითხველთან 6 მარტს, გამომცემლობა „ივერიონში" გაიმართა.
„დღეს მკითხველებს „სალი კოლხელის" მეორე ტომი -„ოქროს ვაშლის საიდუმლოება" გადავეცი. ასეთი სიყვარულით განათებული დღეები ჭეშმარიტად აძლიერებს ადამიანს და მეტი მუშაობის სტიმულს აძლევს. წინ მესამე ტომი -„მარადიული ებრაელი" გელოდებათ", - განაცხადა ლია რუსიაშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას.
ავტორი მოგვითხრობს პატარა გოგონას - სალი კოლხელის საოცარ თავგადასავლებზე, რომელსაც სულიერ მეგზურობასა და წინამძღვრობას უწევს წმინდანი, სახელწოდებით გლახა.
თხრობის დინამიკურობა, სიუჟეტი და მოქმედების სხარტი განვითარება არ აძლევს მკითხველს მოდუნებისა და მოწყენის საშუალებას.
ნაწარმოებში პერსონაჟთა მრავალფეროვანი თავგადასავლების ფონზე ძალდაუტანებლად, ბავშვისათვის გასაგებ ენაზეა გადმოცემული საბაზისო რელიგიური ცოდნა და სახარების ზნეობრივი სწავლება. მწერალი უჩვენებს პატარა მკითხველებს თავმდაბლობის, სათნოებისა და სიყვარულის მაგალითებს.