logo_geo
eng_logo
ტარიელ კაკაბაძე: მერაბ კობიაშვილმა დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი
- +

17 დეკემბერი. 2021. 14:43

 

 

„მერაბ კობიაშვილმა დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - ამის შესახებ მერაბ კობიაშვილის ინტერესების დამცველმა, ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს გამამართლებელი სასამართლო განაჩენის გამოტანის შემდეგ განუცხადა.

 

„ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, ეს არის უდიდესი ბედნიერება, როდესაც ქვეყანაში ზეიმობს სამართალი, როდესაც უდანაშაულო ადამიანი გადაურჩება უმძიმეს სასჯელს, 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მთელი ქვეყანა ხედავს, რომ სამართალმა იზეიმა!

 

სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი. თითქმის ორი წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელად ვიშრომეთ და ეს შრომა დაფასდა. მინდა, ყველა მოქალაქეს მოვუწოდო: ამ ქვეყანაში იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის და არ დანებდნენ! მერაბ კობიაშვილმა დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - განაცხადა კაკაბაძემ.

 

ნაფიცმა მსაჯულებმა გუდაურში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი უდანაშაულოდ ცნეს.

 

2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს.

 

კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის წარუდგინეს. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner