,,ოპოზიციის მხრიდან თვალში საცემია საოცარი ზედაპირულობა და შემოფარგვლა იმით, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს საუბარი ზოგადი შეფასებებით და ზოგადი დამაკნინებელი ფრაზებით. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მათ არ მოუწიოთ სიღრმეებში ჩასვლა, რადგან იქ დახვდებათ რეალურად, ნაკეთები საქმეები. როდესაც მოისმენთ სალომე სამადაშვილისგან სიძულვილის ენაზე საუბარს და ის რაც დღეს მისგან მოვისმინეთ, წერა-კითხვის თემასთან დაკავშირებით - მართლაც გამაოგნებელია. ეს ჰგავს იმას, რაც შექსპირის 66-ე სონეტში შეიძლება ვიხილოთ”, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, იუსტიციის სფეროში უზარმაზარი რეფორმებია განხორციელებული და ის კვლავ წარმატებით გრძელდება.
„მიმაჩნია, რომ გრძელდება ის დაწყებული საქმე, რომელიც რამდენიმე წლის წინ წარმატებულად ხორციელდებოდა და რა საკვირველია, ვერ დავეთანხმები აქ გამოთქმულ შეფასებას, რომ იუსტიციამ ვერ იზეიმა. არ ვიცი რას ეფუძნებოდა ეს ფრაზა, შეფასება მაგრამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ამ სფეროში უზარმაზარი რეფორმებია განხორციელებული და ძალიან მახარებს, რომ თუნდაც ამ წლების განმავლობაში, თეა წულუკიანის მიერ ნაკეთები საქმე, ახლაც წარმატებულად გრძელდება და იუსტიციის სამინისტრო კვლავ მწვერვალებზე ინარჩუნებს საკუთარ პოზიციებს. ამაში დარწმუნების შესაძლებლობას გვაძლევს პრეზენტაცია, რომელიც დღეს აქ მოვისმინეთ და გეგმები, სამომავლო ხედვებთან დაკავშირებით ნამდვილად, მაღალ შეფასებას იმსახურებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და იუსტიციის სამინისტრო რჩებიან მთავარ მოკავშირეებად იმ საქმეში, რასაც ადამიანის უფლებების სტანდარტების მუდმივი ზრდა ჰქვია.
„ჩვენი კომიტეტი და იუსტიციის სამინისტრო მთავარ მოკავშირეებად ვრჩებით იმ საქმეში, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების სტანდარტების მუდმივი ზრდა ჩვენს ქვეყანაში. რეალურად, ამ მიმართულებითაც გვაქვს გარღვევები და ეს გაგრძელდება. ადამიანების ის შემადგენლობა, რომელიც დღეს სტუმრობს პარლამენტს რეალურად, ამაში დარწმუნების საფუძველს გვაძლევს. მინდა მოგილოცოთ ყველა ის წარმატება რომელიც გაქვთ და გისურვოთ სამომავლო წარმატებები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სამინისტროს აქვს ნება და სრული შესაძლებლობა, აკეთოს ძალიან კარგი საქმეები“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.