„ქვეყნის განვითარების ერთიან ჯაჭვში, იუსტიციის სამინისტრო ის რგოლია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამართლიანი სამართლის დამკვიდრება, მისი დახვეწა, ევროპულ ღირებულებებთან მისადაგება, საზოგადოების მხრიდან მისი სათანადოდ აღქმა და სამართლის აღსრულება“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატებმა „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმინეს. ფორმატის შესაბამისად, რატი ბრეგაძემ კანონმდებლებს გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
„მინისტრმა სამინისტროს საქმიანობის მიმართულებებზე, მისიაზე, ხედვასა და იუსტიციის სამინისტროს როლზე ისაუბრა და დეპუტატებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
რატი ბრეგაძემ ყურადღება გაამახვილა სამინისტროს საქმიანობის სამ ძირითად პრინციპზე: ადამიანის უფლებათა აღსრულების მაქსიმალური ხელშეწყობის, სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ეფექტიანი მომსახურების გაწევის მიმართულებით. მისი განცხადებით, ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ამოცანების საფუძვლიანი დაგეგმვა და ეფექტიანი კონტროლის განხორციელება და აღსრულება, ნაკლოვანებების აღმოფხვრა და პროგრესზე ორიენტირებული სიახლეების მუდმივი ძიება.
მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტროს ამოცანები განხორციელდეს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით. მან ყურადღება გაამახვილა ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე. იუსტიციის მინისტრმა სანოტარო მომსახურების არეალისა და ნოტარიუსთა რაოდენობის მუდმივი ზრდის შესახებ ისაუბრა.
მისი განცხადებით, სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობებისა და ფაქტების დადასტურების შესაძლებლობა იყოს ფართოდ ხელმისაწვდომი.
იუსტიციის მინისტრმა, კანონმდებლებს პრობაციონერებისთვის შექმნილი ახალი, ელექტრონული კონტროლის თანამედროვე სისტემის ამოქმედების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ იუსტიციის სახლი დღეს სრული კეთილგანწყობით და ერთი ფანჯრის პრინციპით, მოქალაქეებსა და ქვეყნის სტუმრებს 450-ზე მეტ მომსახურებას სთავაზობს. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში 27 იუსტიციის სახლი და 88 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.
მინისტრის თქმით, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის ვითარდება თანამედროვე უახლესი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი, სტუმრების კომფორტზე ორიენტირებული და შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურა. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, იუსტიციის სახლის სერვისების სრული ხელმისაწვდომობისთვის მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეიქმნა „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტი.
მისი თქმით, დღეს ყველა სოფელს, რომელიც მოქმედი იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრისგან მოშორებით მდებარეობს, სერვისების მიღება მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით შეუძლია.
მინისტრის თქმით, ქვეყანაში მიწის ნაკვეთების 1/3 საჭიროებს რეგისტრაციას, რაც ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა და მომავალი წლის იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება.
რატი ბრეგაძის განცხადებით, პრობაციის მიმართულებით მასშტაბური რეფორმები ტარდება, რომელთა შორის ერთ-ერთია მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ახლებური მექანიზმი „probbox“, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მსჯავრდებულს გაუადვილებს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას, დაზოგავს ადამიანურ რესურსს და გაზრდის ანონიმურობის ხარისხს.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა შრომის თავისუფლების უზრუნველყოფა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და, შესაბამისად, დასაქმებულ პატიმართა რაოდენობის მკვეთრი ზრდა. მისივე თქმით, სამინისტროს მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია, მათთვის საკუთარი შრომით შემოსავლის მიღების შესაძლებლობის გაზრდა, დამსაქმებლისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, დახარჯული ენერგია პირდაპირ აისახება საზოგადოების უსაფრთხოებაზე.
რატი ბრეგაძემ პრობაციონერებისთვის შექმნილი ახალი, ელექტრონული კონტროლის თანამედროვე სისტემის ამოქმედების შესახებ ისაუბრა.
მინისტრის ინფორმაციით, ასევე, შეიქმნა ახალი ინფრასტრუქტურა სხვადასხვა მუნიციპალურ ერთეულში, რეგიონებში გაიხსნა რეფერირების ცენტრები, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის შესახებ მუნიციპალიტეტებთან გაფორმდა მემორანდუმები.
„მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას, მინისტრმა დეპუტატებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად განხორციელებული რეფორმების შესახებ.
მინისტრის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად იწყება პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“.
ბრეგაძის განმარტებით, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, პროექტი მსჯავრდებულებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება დისტანციური სწავლების მეთოდით და დაეუფლონ მათთვის სასურველ პროფესიას.
„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც მრავალი პროგრესული იდეის ავტორი და წამახალისებელია. ასევე, თანადგომის, მხარდაჭერის, ინიციატივების მაღალი ხარისხით მიმღებლობისა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისათვის მადლობას მოგახსენებთ პარლამენტის წევრებს“,- განაცადა გამოსვლის დასრულებისას იუსტიციის მინისტრმა.
მინისტრის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მინისტრის საათი დეპუტატების შეკითხვებით გაგრძელდა.
საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დღეს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.