logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტრო მუშაობდეს გამართულად და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის საქმე, რომელსაც სამინისტრო საერთაშორისო ასპარეზზე აკეთებს
- +

18 დეკემბერი. 2021. 01:39

 

 

,,საინტერესო მოხსენება იყო მინისტრისა, რომლის უწყებასაც ყველაზე ბევრ მოქალაქესთან უწევს შეხება ყოველდღიურად - მნიშვნელოვანია, რომ ეს სამინისტრო მუშაობდეს გამართულად და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის საქმე, რომელსაც იგი საერთაშორისო ასპარეზზე აკეთებს”, - ასე აფასებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრის მოხსენებას.

 

სოზარ სუბარმა რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სათქმელს ციფრები იტყვიან.

 

„ვარდების რევოლუციამდე“ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში სასჯელს იხდიდა 6000 პატიმარი. 2011 წელს 24 ათას 500 და მსოფლიოში შევდიოდით სამეულში პატიმრების ყველაზე დიდი რაოდენობით ყოველ 100 ათას მოსახლეზე. დღეს ეს რიცხვი, 2013 წლიდან დღემდე, 9000-10000-ის ფარგლებშია სტაბილურად. სიკვდილიანობას რაც შეეხება - 2011 წელს 146 პატიმარი გარდაიცვალა, ხოლო 2013-2021 წლებში სულ 162 პატიმარი. ეს არის მაჩვენებელი, რომელიც ევროპაშიც კი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ასევე, სასჯელაღსრულების სისტემაში მოქმედებს სუიციდის პრევენციის პროგრამა და სწორედ ამ პროგრამის დამსახურებით, სუიციდის რაოდენობა თითქმის 10-ჯერ შემცირდა. მსოფლიოს მასშტაბით საქართველოში სუიციდის რაოდენობა არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი თუ ყველაზე დაბალი არა. წარსულს თუ ვახსენებთ ხოლმე, ვახსენებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის წარსული, რომელიც არასდროს არ უნდა დაბრუნდეს, არც დაბრუნდება, არც დავუშვებთ ამის დაბრუნებას, არ დავუშვებთ ქართველი ხალხი“,- განაცხადა დეპუტატმა.

 

მისივე თქმით, პატიმრების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, იკლო მძიმე და ძალადობრივმა დანაშაულმაც.

 

სოზარ სუბარმა ისაუბრა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზეც. მისი თქმით, 2012 წლამდე დაავადების სკრინინგიც არ ხდებოდა. დეპუტატის განცხადებით, 2012-2013 წლებში ხუთჯერ იკლო ტუბერკულოზის შემთხვევებმაც და წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაავადების მხოლოდ 22 შემთხვევაა დადასტურებული.

 

„სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ისაუბრა პატიმრების დასაქმებაზე, ციფრულ უნივერსიტეტზე, რომელიც პატიმრებისთვის იქმნება, რესოციალიზაციის პროგრამებზე, სპორტზე და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაზე ციხეებში, პატიმრების მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვაზე და საუბრობდა მომავალ გეგმებზე, რაც გულისხმობს საოჯახო ტიპის დაწესებულებების შექმნას არასრულწლოვანი პატიმრებისთვის. ადრე საუბარი იყო ადამიანების წამებაზე, გაუპატიურებაზე, მორგში მიცვალებულების დაბმაზე და რამდენიმე დღით იქ დატოვებაზე, შიშველ პატიმრებზე, რომლებიც, მე პირადად, აღმოვაჩინე მე-6 დაწესებულებაში“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც.

 

„დღეს საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ ციხეში. რა არის ეს წამება? გამოვიდა ერთი ჩვენი კოლეგა და განაცხადა, რომ ფობიამდე მიჰყავთ, აწამებენო. მერე მიხვდნენ, რომ ეს გასაგები ტერმინი არ იყო და შეწყვიტეს საუბარი, მაგრამ ორი დღე ხომ ეყოთ - ორი დღე ალაპარაკეს მედია და საზოგადოება ამ თემაზე. შემდეგ იყო გადაყვანა მე-18 დაწესებულებაში და რაზეც მინისტრი ლაპარაკობდა - როგორ აწამეს, როგორ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ბოლოს გამოვიდა ჩანაწერები და აღმოჩნდა, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც თვითონ აყენებდა თანამშრომლებს, ფიზიკურადაც თავს დაესხა, შიმშილობისაც არაფერი ეტყობოდა და ტექნიკა დაამტვრია. შემდეგ ერთ-ერთი ოპოზიციონერი გამოვიდა და განაცხადა, რომ მანქანით ასხივებენ. ესეც ორი დღის თემა იყო, შემდეგ შეწყვიტეს. შემოვიდა ახალი თემა - ფარმაკოლოგიური წამება მას შემდეგ, რაც უარყო ყველა ექიმმა, გარდა ერთი კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციისა. წამოვიდა ახალი თემა, რომ აქვს პოსტტრავმული სინდრომი და დეპრესია და რახან პოსტტრავმული სინდრომი აქვს, ე.ი. ეს არის წამების კვალი. აღმოჩნდა, რომ წამება თურმე არის ის, რომ პატიმრები უყვიროდნენ და ხმაური იყო. როცა 2008 წლის ომი გადავიტანეთ, არ იყო ისეთი ნაზი არსება, როდესაც გორი იყო ოკუპირებული, კასპი იყო ოკუპირებული, ზუგდიდი, ფოთი, სენაკი, როდესაც ბომბავდნენ ჩვენს ქალაქებს, როდესაც ჩვენი მიცვალებულები უპატრონოდ ეყარა და საპატრიარქო რომ არ ჩარეულიყო, მათი გამოსვენება შეუძლებელი გახდებოდა, როდესაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები ტყვედ ჰყავდათ რუსეთში და ერთადერთი ადამიანი, ვინც მათ გამოხსნას ცდილობდა, ეს იყო ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ჰამარბერგი“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

სიტყვით გამოსვლისას, კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება სოფელი ხაიშის საკითხზე გაამახვილა, სადაც, მისი თქმით, ხუდონჰესის მშენებლობისთვის, წინა ხელისუფლებამ 200 ჰექტარი ტერიტორია ერთ ლარად გადასცა კომპანიას.

 

„ვსვამ პრობლემას, რომელიც ჩვენი ერთობლივი გადასაწყვეტია - ეს არის ყოფილ ხელისუფლებასთან დაკავშირებული თემა - სოფელი ხაიში, სადაც ხუდონჰესის მშენებლობისთვის 200 ჰექტარი ტერიტორია მიხეილ სააკაშვილმა 1 ლარად გადასცა კომპანია „ტრანს ელექტრას“. აქ შედის 160 მილიონ დოლარად შეფასებული ინფრასტრუქტურა, მაგრამ ინფრასტრუქტურაზე არ ვლაპარაკობ - ამ 200 ჰექტარში შედის ადამიანების საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები, ბაღები, სკოლა, საავადმყოფო, საბავშვო ბაღი და არ დაადგა საშველი, რომ ამ ადამიანებს ვუთხრათ, არიან ისინი თავიანთი სახლების მესაკუთრეები, თუ არა“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner