logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ჩვენ ვიხილეთ ძალიან ცუდ ფორმაში წარმოდგენილი პერსონალური ხასიათის ინფორმაციის გამჟღავნება, როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თავიდან ბოლომდე მოყვა, თუ რა აწუხებდა სააკაშვილს
- +

18 დეკემბერი. 2021. 12:44

 

„ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჩვენ ვიხილეთ ძალიან ცუდ ფორმაში წარმოდგენილი პერსონალური ხასიათის ინფორმაციის გამჟღავნება, როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თავიდან ბოლომდე მოყვა თუ რა აწუხებდა მიხეილ სააკაშვილს. მე ვერ მივცემ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ამის ციტირება გავაკეთო,“ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს მაშინ, როდესაც ფაფების და ნატურალური წვენების მიღების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ედავებოდნენ.

 

აქ საუბარი იყო პოსტტრავმულ სინდრომზე, როდესაც ამ საკითხმა წამოიწია, ჩვენ შევთავაზეთ მსჯავრდადებულ სააკაშვილს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა, რომ გასაჯაროებულიყო ის ინფორმაცია, რაც შეეხება მის მკურნალობას და გარკვეულ მედიკამენტებს რომელსაც ის იღებს. თავიდან გვქონდა თანხმობა და მერე უცებ თქვეს, რომ არ უნდოდათ ამ ინფორმაციის გასაჯაროება. ამაზე ვინმემ ნახეთ რომ რამე გვესაუბრა? არა, და რატომ? იმიტომ, რომ არსებობს ღირებულებები, რომელსაც ჩვენ არ დავარღვევთ და ეს არის პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობა და მისი პირად სფეროსთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჩვენ ვიხილეთ მართლაც უკიდეგანოდ და ძალიან ცუდ ფორმაში წარმოდგენილი პირადი და პერსონალური ხასიათის ინფორმაციის გამჟღავნება, როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მოყვა თავიდან ბოლომდე, თუ რა აწუხებდა ამ ადამიანს. მე ვერ მივცემ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ამის ციტირება გავაკეთო. ჩვენ გვედავებოდნენ იმის შესახებ, რომ გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ იღებდა ფაფებს და ნატურალურ წვენებს და მერე თვითონ რაც გააკეთეს მე ამის შესახებ არ ვისაუბრებ. ნამდვილად არ ვაკადრებ არც მაყურებელს და არც თითოეულ თქვენგანს, რომ ამის შესახებ ვისაუბრო და ალბათ გამგები გაიგებს თუ რა აკადრეს მათ როგორც საკუთარ თავს, ისე მაყურებელს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

შეგახსენებთ, „ტვ პირველის“ თოქშოუში „პირველი ხაზი“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადეს, რომ „პრაქტიკულად ქვემო ღრუ ვენა კრიტიკულ ზღვარზეა, 80% -ზე კოლაბირებს. პაციენტთან გამოხატულია დიარეა. ამ ფონზე პაციენტთან უკვე შემცირებულია დიურეზი და იგი ადეკვატურად ვერ შარდავს“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner