შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ
საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნასთან დაკავშირებულ
საკანონმდებლო პაკეტზე ორ დღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც
მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე
დარახველიძე და გენერალური პროკურორის მოადგილე - ნათია მერებაშვილი.
სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ტექნიკური
დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში
გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
გენერალური პროკურატურის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული
დახმარების სამსახურის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლებმა/ექსპერტებმა.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის
გამიჯვნის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. შეხვედრაზე საკანონმდებლო
პაკეტთან დაკავშირებით არაერთი საყურადღებო შეხედულება გამოითქვა.
მონაწილეებმა შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები,
როგორებიცაა: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
პრობლემები/გამოწვევები; ვენეციის კომისიის რეკომენდაციები; პროექტის
კონცეფცია და მიზანი; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილი
ცვლილებები, სამინისტროს სტრატეგია დაგეგმილი ცვლილებების აღსრულებასთან
დაკავშირებით და სხვ.
პროექტი - „ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლაში” შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, 2018
წლიდან ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საქმიანობის ხელშეწყობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.