„ეს თანანმდებობები მცირედროიანია, ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ, თითოეულმა უნდა მიიღოს მინისტრების მანდატი",- ასეთი შეფასება გააკეთა ექსპერტმა არჩილ გამზარდიამ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დანიშნული ახალი მინისტრების შეფასებისას.
Prime Time News-თან საუბრისას, ექსპერტმა თინა ხიდაშელის შემცვლელად შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიასა და პაატა ზაქარეიშვილის შემცვლელად ქეთევან ციხელაშვილის დანიშვნა შეაფასა. მისი განმარტებით, ახალი მინისტრები კარგად შერჩეული კადრები არიან.
"ეს თანანმდებობები მცირედროიანია. ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ თითოეულმა უნდა მიიღოს მინისტრების მანდატი.
ვერ გეტყვით, ის სამუშაოები რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტრო აკეთებდა რამდენად ეფექტური იყო, მაგრამ ქეთევან ციხელაშვილი ამ კუთხით მუშაობდა და მინისტრის ამპლუაშიც არ გაუჭირდება.
ლევან იზორია ჯერ შს მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობდა და ითვლებოდა საკმაოდ კვალიფიციურ კადრად შს მიმართულებით. რამდენად კვალიფიციური იქნება თავდაცვის მიმართულებით, ამის თქმა ჯერ ძნელია, მაგრამ იზორიაზე, როგორც ცალკე აღებულ კადრზე, წესით ნორმალური მოლოდინები უნდა გვქონდეს. თავდაცვა მე მაინც მგონია, რომ ცოტა სპეციფიური მიმართულებაა",-განაცხადა არჩილ გამზარდიამ.
ექსპერტის შეფასებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელის მიერ ახალი მინისტრის კრიტიკულად შეფასება, ხიდაშელის პოლიტიკურ მდგომარეობას უფრო ასახავს, რადგან ის "რესპუბლიკური პარტიის" წევრია და წინასაარჩევნო რეჟიმშია ჩართული.
"ხიდაშელი უკვე ამოდის პოლიტიკური საზომიდან, ვგულისხმობ იმას, რომ "რესპუბლიკური პარტია" რომელშიც თვითონაა, ეხლა უკვე საარჩევნო რეჟიმშია. ხიდაშელი, როგორც ყოფილი აღმასრულებელი, უკვე ამ რანგის ვალდებულებებს აღარ შეიცავს განცხადებების კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ის ამ განცხადებას აკეთებს უფრო როგორც "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, რომელიც საარჩევნო კამპანიის რეჟიმშია. ამ კონტექსტიდან იზორიას კრიტიკული თვალით დანახვა შესაძლებელია, თუმცა იგივენაირად, კრიტიკულად იყო აღქმული ხიდაშელის კანდიდატურაც თავის დროზე თავდაცვის მინისტრის პოსტზე, მაგრამ საერთო ჯამში, მისი კანდიდატურა არ აღმოჩნდა ცუდი, სავსებით ნორმალური თავდაცვის მინისტრი გამოდგა. ხიდაშელს შესაძლოა ჰქონდეს კრიტიკული დამოკიდებულება, თუმცა მე ამას უფრო ვხედავ როგორც, მის პოლიტიკურ მდგომარეობას რომელიც წინასაარჩევნო რეჟიმშია",-აღნიშნა გამზარდიამ.
პრემიერმა დღეს თინა ხიდაშელის შემცვლელად შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, ხოლო პაატა ზაქარეიშვილის შემცვლელად ქეთევან ციხელაშვილი დანიშნა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, თავდაცვის სამინისტრო სამოქალაქო უწყებაა და მის ხელმძღვანელად უშიშროების სამსახურის კადრის დანიშვნა როგორც პარტნიორებისთვის, ისე ქვეყნის შიგნით ცუდი სიგნალი იქნება.