ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ხვალ, 20 დეკემბერს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება.
როგორც ხახალეიშვილმა „ფეისბუქ-ლაივისას“ განაცხადა, ქუთაისელებს ხვალ გამორჩეული საღამო ელოდებათ.
„ხვალ 20 დეკემბერია და ყველა ერთად ველოდებით ჩვენი განსაკუთრებული ნაძვის ხის ანთებას. მინდა, ყველას გთხოვოთ, რომ 19:00 საათზე მობრძანდეთ ცენტრალურ მოედანზე, რათა ყველამ ერთად ავანთოთ მთავარი ნაძვის ხე. სამწუხაროდ, შარშან პანდემიის გამო ცენტრალური ნაძვის ხის ერთად ანთება ვერ შევძელით, სწორედ ამიტომ განსაკუთრებულად ვიზრუნეთ იმისათვის, რომ წელს ეს ღონისძიება გამორჩეული იყოს. გამორჩეულია ჩვენი ნაძვის ხეც. გუშინ ინტერნეტსივრცეში გასულმა რამდენიმე წამიანმა კადრმა ძალიან დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ხვალ გველოდება. ხედავთ განათებულ რუსთაველის გამზირს, რომელიც ულამაზესია. მიმდინარე წელს რამდენიმე ახალი ლოკაცია ახალი ილუმინაციებით მოეწყო, ასე რომ, ხვალ ძალიან კარგი და გემოვნებიანი ღონისძიება გელოდებათ“, - განაცხადა ქუთაისის მერმა.
მისივე თქმით, საახალწლო ღონისძიებები მომავალ დღეებშიც გაგრძელდება.
„არა მხოლოდ 20 დეკემბერს, არამედ მომდევნო დღეებშიც არაერთი კონცერტი გაიმართება, 30-31 დეკემბერს ქალაქის მასშტაბით გრანდიოზული ღონისძიებები იქნება. იქნებიან მოწვეული სტუმრებიც, 31 დეკემბერს კი ჩვენს მშობლიურ ქალაქს კონცერტს მთლიანად ჩვენი თანაქალაქელები მიუძღვნიან, იქნება გრანდიოზული ფოიერვერკი და ყველა ერთად შევხდებით 2022 წლის დადგომას.
ჩვენ შევეცდებით, რომ ხვალინდელი კონცერტი კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდეს, რეგულაციების დაცვისკენ მოგიწოდებთ ასევე ყველას. გელოდებით ხვალ, 19:00 საათზე ქალაქის მთავარ მოედანზე მთავარი ნაძვის ხის ასანთებად“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.