logo_geo
eng_logo
თანამედროვე საბალეტო სპექტაკლის "ხამსე" პრემიერა, 14 აგვისტოს ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება
- +

2 აგვისტო. 2016. 11:27


ასოციაცია „კულტურათა დიალოგი - XXI"-მა და მისმა პრეზიდენტმა, პროფესორმა ვალერი ასათიანმა მიმართა იდეით გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდს, რომ ერთობლივი საჩუქარი უძღვნან ქალაქ ბათუმს, ბათუმის მცხოვრებლებს, ტურისტებსა და მოწვეულ სტუმრებს - თანამედროვე საბალეტო დადგმა აზერბაიჯანის სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქისა და საქართველოს ღირსების ორდენის კავალრის, კომპოზიტორისა და მომღერლის, ფოლად ბულბულ ოღლის მუსიკაზე.


გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდის საქმიანობის მიზანია საქართველოში თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ხელშეწყობა და განვითარება, ამიტომ ფონდმა სიხარულით გაიზიარა ეს ძალზე საინტერესო იდეა - მეტად მნიშვნელოვანი საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების განმტკიცების თვალსაზრისითაც. თავის მხრივ, ფონდმა შესთავაზა ასოციაცია „კულტურათა დიალოგი - XXI"-ს, რომ სახელოვანი კომპოზიტორის, ფოლად ბულბულ ოღლის საბალეტო მუსიკის გამოყენებით ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძეს დაედგა ორიგინალური, თანამედროვე საავტორო ბალეტი „ხამსე", ნიზამი განჯელის ხუთი პოემის სპარსული მინიატიურების მიხედვით. სპექტაკლის დამდგმელ მხატვრად მოიწვიეს საქართველოს სახალხო მხატვარი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ეროვნული და საერთაშორისო პრემიების ლაურეატი, რფ სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი მურაზ მურვანიძე, სპექტაკლის შესასრულებლად - ახლად დაფუძნებული გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი - „თბილისის თანამედროვე ბალეტი", რომლის წევრებისთვის ეს იქნება პირველი პროექტი და თბილისის ახალგაზრდული, ნოვატორული, თანამედროვე საბალეტო დასის საჩუქარი ქალაქ ბათუმს.                   


მრავალმხრივი კულტურული ღონისძიებებით დატვირთულ პერიოდში აჭარის რეგიონის კულტურულ ცხოვრებას კიდევ უფრო გაამდიდრებს თანამედროვე საბალეტო წარმოდგენა. იდეის ავტორებისა და მხარდამჭერი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას თანამედროვე მსოფლიოში, მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების განმტკიცებასა და შემოქმედებითი ინოვაციების მხარდაჭერას.  


სპექტაკლ „ხამსეს" პრემიერა გაიმართება 2016 წლის 14 აგვისტოს, 20 საათზე ბათუმის საზაფხულო თეატრში.




„კულტურათა დიალოგი XXI"-ის პრეზიდენტი, პროფესორი ვალერი ასათიანი: „მე-12 საუკუნის აღმოსავლეთის უდიდესი პოეტისა და ჰუმანისტის ნიზამი განჯელის შემოქმედება საფუძვლად დაედო სხვადასხვა ეპოქის არაერთი ჟანრის ქმნილებას. ნიზამის მრავალი მიმბაძველი გამოუჩნდა აღმოსავლურ და დასავლურ ხელოვნებაში. მას იმთავითვე კარგად იცნობდნენ საქართველოში. მე-18 საუკუნეში გავრცელებულ სხვა პოემებთან („საიდუმლოებათა საგანძური", „ხოსროვი და შირინი", „ლეილი და მაჯნუნი", „შვიდი მზეთუნახავი") ერთად პოპულარული იყო „ხოსროვშირინიანის" (ფარსადან გორგიჯანიძე) და „ისქანდერნამეს" (ალექსანდრე მაკედონელის ისტორია) ახალი ქართული რედაქციებიც.

 

სასიამოვნო კულტურული ფაქტია, რომ თანამედროვე საქართველოში არსებული ოდინდელი ტრადიციული ინტერესი ნიზამის შემოქმედებისადმი ამჟამად ვლინდება ბალეტმაისტერ მარიამ ალექსიძის მიერ ნიზამის ხუთწიგნეულის თემებზე შექმნილ ლიბრეტოსა და ორიგინალურ ქორეოგრაფიაში.

 

წარმატებული სასცენო მოღვაწეობისა და საბალეტო დადგმების შემდეგ მარიამ ალექსიძე სათავეში ჩაუდგა თავისი სახელოვანი მამის, გამოჩენილი ქართველი ქორეოგრაფის, გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდს, ხოლო 2016 წლიდან იგი არის ახალდაარსებული კამერული დასის - ასევე გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი. მარიამ ალექსიძე საქართველოში საბალეტო ხელოვნების პირველი ქალი ქორეოგრაფია.

 

ახალი საბალეტო დადგმა „ხამსე", მარიამის თქმით , „დასის წევრებისთვის იქნება პირველი პროექტი და თბილისის ახალგაზრდული, ნოვატორული, თანამედროვე საბალეტო დასის საჩუქარი ქალაქ ბათუმს".


მუსიკის ავტორია ცნობილი აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, მომღერალი, დიპლომატი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აზერბაიჯანის სახალხო არტისტი, საქართველოს დიდი მეგობარი, ღირსების ორდენის მფლობელი, თბილისის საპატიო მოქალაქე ფოლად ბულბულ ოღლი. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში კომპოზიტორის მუსიკაზე წარმატებით დაიდგა საბალეტო სპექტაკლები ბაქოს, ეკატერინბურგისა და მინსკის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრებში. 2015 წელს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართა ფოლად ბულბულ ოღლის დიდი შემოქმედებითი და საიუბილეო საღამო.


საბალეტო დადგმის მხატვარი და სცენოგრაფიის ავტორია საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული თვალსაჩინო ქართველი ხელოვანი, მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი თეიმურაზ მურვანიძე.

 

გამოვთქვამ იმედს, რომ თანამედროვე ბალეტის ახალი პროექტის - „ხამსეს" ინოვაციური შემოქმედებითი გააზრება საზოგადოების ინტერესს გამოიწვევს".

 

 

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის" სამხატვრო ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე: „ნიზამი განჯელის ხუთი პოემა - „საიდუმლოებათა საგანძური", „ლეილი და მაჯნუნი", „ხოსროვი და შირინი", „შვიდი მზეთუნახავი", „ისქანდერნამე" - გაერთიანებულია საერთო სახელწოდებით „ხამსე" - ხუთწიგნეული. სპექტაკლის შინაარსი ეყრდნობა ხუთივე პოემის ფრაგმენტებს, რომლებიც ასახულია პოემების ილუსტრირებულ ხელნაწერებში წარმოდგენილ სპარსულ მინიატიურებში.

 

ნიზამი განჯელი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი და ყველაზე საყვარელი მეუღლე, დედა ერთადერთი ვაჟისა, გარდაიცვალა მაშინ, როდესაც ნიზამიმ თავისი მესამე მასნავი „ხოსროვი და შირინი" დაასრულა, მისი მეორე ცოლი - „შვიდი მზეთუნახავის", ხოლო მესამე ცოლი „ისქანდერნამეს" დასრულებისას მიიცვალნენ. ამბობენ, თითქოს ნიზამიმ ღმერთს შეჰღაღადა: ღმერთო, ნუთუ ყოველ მასნავს ერთი ცოლი უნდა შევწიროო...

მინიატიურებში ასახულ ეპიზოდებს აერთიანებს სიყვარულისა და სიკვდილის თემა, რომელიც წარმოჩენილია ფოლად ბულბულ ოღლის ამავე სახელწოდების ბალეტში „სიყვარული და სიკვდილი". მუსიკის ლირიკული, დრამატული, რიტმული პასაჟები გაჟღენთილია ნაციონალური კოლორიტითა და ტემპერამენტით, გამომსახველია, როგორც ეს საბალეტო მუსიკას შვენის; იმავდროულად, არის დამოუკიდებლად მდიდარი პარტიტურა - იგი სცდება თავდაპირველ საბალეტო ლიბრეტოს და ჩვენეულ ვერსიაში ნიზამი განჯელის ხუთივე პოემის ფაბულას მოიცავს.

 

სპექტაკლს ამთლიანებს მურაზ მურვანიძის სცენოგრაფია, რომელიც ქმნის ერთიან მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ რიტმს; მაგრამ როგორც მინიატიურები სცილდება ტექსტის შინაარსის ილუსტრირებას, სპექტაკლის მხატვრობაც ამგვარადვე უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ მუსიკისა და ქორეოგრაფიის ჩანაფიქრი - მასში გადმოღვრილია აღმოსავლური კულტურის სიმდიდრე და სიმბოლიკა.

 

მცდარი არჩევანია, ეცადო და მიუახლოვდე ტექსტს, ასახო ის სიღრმე, რის გადმოცემასაც ახერხებს სიტყვა; მცდარი არჩევანია, ეცადო და ზედმიწევნით ზუსტად გააცოცხლო ამდენად დახვეწილი და რაფინირებული მხატვრული ხელოვნება, მაგრამ... სიტყვის რიტმიკა, პლასტიკა, მეტაფორებითა და სიმბოლოებით დატვირთული ჩუქურთმოვანი ტექსტი, ფერთა ხასიათი, მინერალების ძალა, კოსმოლოგია - ყველაფერი ეს არის სწორედ ის არჩევანი, რითაც საზრდოობდა ჩემი ქორეოგრაფია. როგორც ბაჰრამ-გურის შვიდი მნათობისადმი სიყვარული გადაიზრდება მუქი ფერებიდან ნათლისკენ, ისე ქორეოგრაფიაში ვეცადეთ, ყოველი გმირის ფსიქოპორტრეტი, მათი ბედი სიყვარულისა და სიკვდილის მიჯნაზე მოგვექცია სუფისტურ რიტუალურ წრებრუნვაში, როგორც გზა უმაღლესი სიყვარულისკენ.

გიორგი ალექსიძის სიტყვებს გავიხსენებ:

 

„დაბოლოს, სიკვდილის სიყვარული არის სიცოცხლის სიყვარული..."

 

 

პრემიერა

14 აგვისტო

ბათუმის საზაფხულო თეატრი


„ხამსე"

თანამედროვე ბალეტი

ნიზამი განჯელის პოემების სპარსული მინიატიურების მიხედვით


დადგმის ინიციატორი - ასოციაცია „კულტურათა დიალოგი - XXI" და მისი პრეზიდენტი, პროფესორი ვალერი ასათიანი


კომპოზიტორი - ფოლად ბულბულ ოღლი

აზერბაიჯანის სახალხო არტისტი


დამდგმელი ქორეოგრაფი, იდეის, დრამატურგიისა და მუსიკალური ვერსიის ავტორი - მარიამ ალექსიძე


დამდგმელი მხატვარი - მურაზ მურვანიძე

საქართველოს სახალხო მხატვარი


დადგმის კონსულტანტი - მარინა ალექსიძე

საქართველოს დამსახურებული არტისტი


პედაგოგ-რეპეტიტორი - ქეთევან მუხაშავრია

განათება - გოჩა გიორგაძის

ხმის მონტაჟი - ელენე მურჯიკნელის

სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი - ნიალა გოძიაშვილი

ხმის ოპერატორი - გია ზუბაშვილი

სცენის ტექნიკური უფროსი - გია გელაძე

მონაწილეობს:

გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი -„თბილისის თანამედროვე ბალეტი"

ბედისწერა - ნინო გოგუა

გიორგი ალექსიძის სახელობის  „თბილისის თანამედროვე ბალეტის" წამყვანი სოლისტი.

 

შირინი, სანდალოზისფერი მნათობი - ნათია ბუნტური 

გიორგი ალექსიძის სახელობის  „თბილისის თანამედროვე ბალეტის" წამყვანი სოლისტი.

 

ხოსროვი, ისქანდერი - დავით ანანიაშვილი

თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის პროფესიული თეატრის ბალეტის წამყვანი სოლისტი.


ლეილი, წითელი მნათობი - მარიამ დარჩია

გიორგი ალექსიძის სახელობის  „თბილისის თანამედროვე ბალეტის" სოლისტი.

 

მაჯნუნი - ინტიგამ მამედოვი

მ. ფ. ახუნდოვის სახ. აზერბაიჯანის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სოლისტი.


ბაჰრამ-გური; ფარჰადის, ლომისა და შირუიეს სახე - ანარ მიქაილოვი

მ. ფ. ახუნდოვის სახ. აზერბაიჯანის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სოლისტი.


თეთრი მნათობი - მარიამ ქოიავა

ფირუზისფერი მნათობი - ნატა კუკულაძე

მწვანე მნათობი - თინათინ მჭედლიძე

ყვითელი მნათობი - გვანცა გელაშვილი

 

ანგელოზი - თინათინ ბარამიძე

მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიის მოსწავლე.


ქალთა ქორო - გვანცა გელაშვილი, თინათინ მჭედლიძე, ნატა კუკულაძე, მარიამ ქოიავა.

 

პროექტი განხორციელდა ასოციაცია „კულტურათა დიალოგი - XXI"-ისა და გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასის „თბილისის თანამედროვე ბალეტის" ადმინისტრაციული გუნდის ერთობლივი ძალისხმევით.


აფიშის დიზაინი - ბესიკ დანელია


 

პროექტი ხორციელდება „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისა" და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით







პროექტის პარტნიორები:








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner