საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თეიმურაზ ალასანია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით იყო დაკითხვაზე დაბარებული, თუმცა სასამართლოში არ გამოცხადდა.
როგორც პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებული დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
„საქმე ეხება 2012 წლამდე პერიოდში ხელოვნურად შექმნილი სამართლებრივი პრობლემის მოგვარებისა და იმ დროინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დარეგულირების სანაცვლოდ ერთ-ერთი ბიზნესმენისგან 1 მლნ აშშ დოლარის თაღლითურად, მოტყუებით დაუფლებისა და ამ თანხის სავარაუდო გათეთრების ფაქტს. სწორედ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაბარებული იქნა თეიმურაზ ალასანია მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, თუმცა, მან უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე. შესაბამისად, მისი უარი იყო ის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ბრალდების მხარემ მივმართეთ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისი დაკითხვის შუამდგომლობით. ეს შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა. დღევანდელ სხდომაზე წესით და რიგით უნდა მომხდარიყო მისი მოწმის სტატუსით დაკითხვა“, - აცხადებს მიხეილ სადრაძე.