დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვებს გაამკაცრებს, რათა „ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელება შეანელოს.
ბორის ჯონსონის თქმით, ქვეყანაში სიტუაცია უკიდურესად რთულია, ხოლო ლონდონში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება.
„ბრიტანულ საზოგადოებას უნდა ვუთხრა და ყველას ვეუბნები, ჩვენ არ გამოვრიცხავთ უფრო შორს წასვლის შესაძლებლობას, თუ რამის გაკეთება მოგვიწევს საზოგადოების დასაცავად“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.