ეკონომისტ რამაზ გერლიანის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება გრძელდება. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა გერლიანის ოფისსა და მანქანაში.
გამოკითხვაზე იმყოფებოდა გერლიანის ყოფილი მეუღლეც, რომელმაც კომენტარი მედიასთან არ გააკეთა. გამოკითხვაზე რამაზ გერლიანის მეგობარი და თანამშრომელიც იმყოფებოდნენ. მათი თქმით, გამომძიებელს სტანდარტული კითხვები ჰქონდა და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, მეტი ინფორმაციის მოწოდების შესაძლებლობა არ აქვთ.
„იყო სტანდარტული გამოკითხვა, ბოლოს როდის შევხვდით, როდის გვქონდა კომუნიკაცია, რამე უცნაურს ხომ არ ვამჩნევდით. პრობლემა აწუხებდა, ამაზე შაბათსაც გაამახვილა ყურადღება. სავარაუდოდ, დავა ჰქონდა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთან, თუმცა, ეს დავა შემდეგ რა მიმართულებით წავიდა, ზუსტად არ ვიცით“, - აცხადებს რამაზ გერლიანის თანამშრომელი ნოდარ სირბილაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური ტრანსფორმაციის“ დირექტორი რამაზ გერლიანი 19 დეკემბერს გაუჩინარდა.