logo_geo
eng_logo
პროკურატურა: გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან საქართველოს პროკურატურისა და პროკურორების მიმართ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს
- +

21 დეკემბერი. 2021. 14:13

 

 

საქართველოს პროკურატურა „TV პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და მას მორიგ დეზინფორმაციასა და პროკურატურის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის გაგრძელებას უწოდებს.

 

„გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასულ სიუჟეტში მიზანმიმართულად იყო დამახინჯებული ინფორმაცია პროკურორების - გიორგი მუჯირისა და ზვიად ფხაკაძის საკუთრებაში თითქოსდა არსებულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით. აღნიშნულ სიუჟეტში ბინის მესაკუთრედ დასახელებული იყო ზვიად ფხაკაძე, რაც მორიგი სიცრუეა და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რადგან რეალურად ბინის მესაკუთრე ზვიად ფხაკაძის ძმა და მისი ოჯახია. ასევე, „ტვ პირველის“ სიუჟეტის მიხედვით, თითქოს, პროკურორ გიორგი მუჯირის საკუთრებაშია გუდაურში მშენებარე სასტუმრო კომპლექსი, ასევე, არ შეესაბამება სინამდვილეს. რეალურად, რაც საჯაროდ არსებული ინფორმაციითაც დასტურდება, მშენებლობას აწარმოებს ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა, სადაც სხვა წევრებთან ერთად, გიორგი მუჯირის და, ნინო მუჯირი არის ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი. შექმნილ ამხანაგობასთან კი, პროკურორ გიორგი მუჯირს არავითარი შემხებლობა არ გააჩნია. თვალსაჩინოა, რომ ბოლო პერიოდში, გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან საქართველოს პროკურატურისა და კონკრეტულად ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორების მიმართ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, რაც ცალსახად მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყების დისკრედიტაციას“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

უწყება აღნიშნავს, რომ კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, საპროკურორო ფუნქციების განხორციელებისას, პროკურორებზე ზემოქმედების მცდელობაა.

 

„მათ გასაგონად, ვინც დგას პროკურატურის მიმართ წამოწყებულ ორკესტრირებული პიარკამპანიის უკან, გვინდა ვთქვათ, რომ ვერანაირი ცილისმწამებლური კამპანია ვერ შეაფერხებს პროკურატურის საქმიანობას და მსგავსი თითოეული ყალბი ინფორმაციის გავრცელებას პასუხი გაეცემა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner