საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის სამინისტროში უწყების ახალი ხელმძღვანელების წარდგენისას განაცხადა, რომ ჯარი და სამხედრო უწყება მაქსიმალურად უნდა იყოს მოშორებული პოლიტიკურ დაპირისპირებებს. მისივე თქმით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით ძალიან ბევრი სამუშაოა განსახორციელებელი და ამ მიმართულებით დაწყებული რეფორმები გრძელდება.
„რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს პრიორიტეტიზაცია იმ რესურსების არსებობის პირობებში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რომ მაქსიმალურად იქნას მიმართული ყველა რესურსი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმები, ევროატლანტიკურ სფეროში ინტეგრაციის მიმართულებით. უნდა აღინიშნოს ბოლო პერიოდში შეერთებულ შტატებთან გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობა, რომელიც ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჯარი და სამხედრო უწყება, მაქსიმალურად იყოს მოშორებული პოლიტიკურ დაპირისპირებებს და ის უნდა იყოს მაქსიმალურად დეპოლიტიზირებული უწყება. ჩვენ ამას შევძლებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.