„ჩვენ ვმუშაობთ ჩვეულ რეჟიმში", - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ლალი ფაფიაშვილმა სასტუმრო „Holiday Inn" - ში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ფაფიაშვილმა აქვე დასძინა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ხვალ დაგეგმილია პლენუმის სხდომა. მისივე თქმით, მოსამართლეებს არავითარ სამ საქმესთან დაკავშირებით პროტესტი არ გამოუთქვამთ.
„ის ინსიმუაციები, რომლებიც ბოლო პერიოდში მედიის საშუალებით ვრცელდება, იმის თაობაზე, რომ რომელიმე მოსამართლე, ან მოსამართლეთა ჯგუფი აპირებს სასამართლოს ბლოკირებას ან პარალიზებას აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთობებს ძაბავს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ის, რაც ბატონმა გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა მიკერძოებასთან დაკავშირებით, მოსამართლეებზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, ამაზე დაწყებულიყო შესაბამისი რეაგირება და ეს ფაქტები გარკვეულიყო. შესაბამისად, კითხვის ნიშნები, რაც არსებობს ცალკეულ სარჩელებთან დაკავშირებით უნდა გაირკვეს. კარგი იქნებოდა, ეს აქამდე გაკეთებულიყო და ჩვენ არ დაგვჭირვებოოდა უფრო ღია ფორმატში ამაზე საუბარი. მაგრამ, ეს თემა ოდესღაც უნდა დამთავრდეს, რადგან ამით ზარალდება მთლიანად ინსტიტუცია და თითოეული მოქალაქე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა, ოღონდ ისე, რომ ჩვენ გვქონდეს საქმეზე ნორმალურ, წყნარ პირობებში, ადეკვატური დროის ფარგლებში მომზადების შესაძლებლობა", - განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.
ლალი ფაფიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გიორგი პაპუაშვილმა დროულად მიაწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია, რათა მისთვის ცნობილ ფაქტებზე რეაგირება დროულად დაიწყოს.