ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოვიდინფიცირების შემთხვევებს შორის, „ომიკრონის“ შტამი დომინირებს. აღნიშნული განცხადება ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გაავრცელა.
მათივე ინფორმაციით, 18 დეკემბრის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 73% „ომიკრონის“ შტამითაა განპირობებული, მაშინ, როდესაც „დელტა“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები მხოლოდ 26%-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ „ომიკრონის“ შტამის დაფიქსირებამდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევების 87% „დელტა“ შტამით იყო განპირობებული.
გასულ კვირას „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების მაჩვენებელი 2.9% იყო, ხოლო მომდევნო კვირაში შემთხვევებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
კორონავირუსის „ომიკრონის“ ვარიანტი, პირველად, სამხრეთ აფრიკაში ნოემბრის ბოლოს დაფიქსირდა და მას შემდეგ უკვე 89 ქვეყანაშია რეგისტრირებული.