logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: გავლენების სფეროების ხანა დასრულდა და ჩვენ რუსეთთან მნიშვნელოვანი დიალოგისთვის მზად ვართ
- +

21 დეკემბერი. 2021. 19:24

 

 

გავლენების სფეროების ხანა დასრულდა და ჩვენ რუსეთთან მნიშვნელოვანი დიალოგისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე ჩიუკასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„ახალი წლიდან, რაც შეიძლება მალე ვაპირებ NATO-რუსეთის საბჭოს ახალი სხდომის მოწვევას. რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს და NATO-ს შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით და ეს უნდა მოხდეს NATO-ს ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან კონსულტაციით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მისი თქმით, მან რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე უკრაინის საზღვართან რუსული შეირაღებული ძალების თავმოყრის თაობაზე ისაუბრა.

 

„გამჭვირვალობისა და დეესკალაციის შესახებ საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, თავმოყრა გრძელდება. NATO ყოველთვის მტკიცედ უპასუხებს ჩვენი უსაფრთხოების წინაშე მდგარ ნებისმიერ საფრთხეს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ჩვენი კოლექტიური თავდაცვის პოზიციის გაძლიერებით. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ყველა მოკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი შემდგომი აგრესია ძალიან ძვირი იქნება. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ჩვენი ახლო პარტნიორის, უკრაინის და მისი სუვერენიტეტის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ აგრეთვე ვუჭერთ მხარს ოფიციალური კიევის პოზიციას, თავად აირჩიოს საკუთარი გზა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner