აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ვაქცინირებულ და გამაძლიერებელი დოზით აცრილ პირებში ინფიცირების შედეგად სერიოზულად დაავადების ალბათობა ძალიან დაბალია.
„როდესაც საქმე გვაქვს ისეთ ვარიანტთან, როგორიცაა „ომიკრონი“, რომელსაც გავრცელების მართლაც შთამბეჭდავი შესაძლებლობა აქვს, ჩვენ დავინახავთ ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევებს. თუმცა, ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ამ შემთხვევაშიც კი, ვაქცინირებული და გამაძლიერებელი დოზით აცრილი ადამიანის სერიოზულად დაავადების ალბათობა ძალიან დაბალია. ყველაზე უფრო დაუცველნი არავაქცინირებული ადამიანები არიან“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) განცხადებით, ადრეული მონაცემები ცხადყოფს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამაძლიერებელი დოზა „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცვის აღდგენას უწყობს ხელს.
25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.