logo_geo
eng_logo
შსს-მ 5 კილოგრამზე მეტი „ჰეროინი“ და 2 კილოგრამი „კოკაინი“ ამოიღო - დაკავებულია 12 პირი
- +

22 დეკემბერი. 2021. 11:26

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, მხოლოდ დეკემბრის თვეში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად 9 პირი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2, ხოლო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1 პირი დააკავეს.

 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული ი. ჯ., 1967 წელს დაბადებული ს. შ., 1975 წელს დაბადებული კ. ქ., აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1998 წელს დაბადებული რ. მ., 1985 წელს დაბადებული რ. გ., 1973 წელს დაბადებული ნ. ა. და 1984 წელს დაბადებული რ. ა., თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული გ გ. და 1971 წელს დაბადებული ა. კ. დააკავეს.

 

ჩამოთვლილი პირების გარდა, ნარკოდანაშაულისთვის 2000 წელს დაბადებული გ.ქ. - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ხოლო 1980 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1986 წელს დაბადებული მ.გ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

 

მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, საქართველოში უკანონოდ შემოტანა და ნარკოტიკების უკანონო გასაღების მცდელობა.

 

სამართალდამცველებმა მიმდინარე თვეში 5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და 2 კილოგრამი „კოკაინი“ ამოიღეს.

 

2021 წლის 21 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თურქეთის მოქალაქე დააკავეს. მისი კუთვნილი ბარგის შემოწმების შედეგად სამგზავრო ჩანთაში მოწყობილ სამალავში 2 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინია“ იქნა აღმოჩენილი. ბრალდებული ტრანზიტული გადაზიდვის გზით ცდილობდა ნარკოტიკის საქართველოში შემოტანას.

 

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა, 15 დეკემბერს, თბილისში დაკავებული პირის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 1 კილო და 600 გრამი „ჰეროინი“ ამოიღეს. ხოლო, 16 დეკემბერს, ლაგოდეხში, ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 2 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინია“ ამოღებული.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტად კვლავ რჩება ნარკოდანაშაულის აღმოფხვრა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი ნარკორეალიზატორი მიმდინარე წელს დავაკავეთ.

 

გაგაცნოთ 2021 წელს საქართველოს მასშტაბით ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებული სტატისტიკურ მონაცემები.

 

მიმდინარე წლის 22 დეკემბრის მონაცემებით, სულ დაკავებულია 136 ნარკორეალიზატორი.

 

ამოღებულია: 19 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, 4 კილოგრამი „კოკაინი“, 5 ათასი აბი „სუბუტექსი“, 3 კილოგრამი „ალფა-პვპ“, 26 კილოგრამი „ბიო“ და სხვა სახის ნარკოტიკები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების კუთხითაც იმუშავა.

 

მნიშვნელოვნად გამკაცრდა სასჯელი ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ.

 

ცვლილებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის მინიმალურ სასჯელად განისაზღვრა 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მაქსიმალურ ზღვარად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა დადგინდა.

 

საკანონმდებლო ცვლილებები აგრეთვე შეეხო ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო გასაღებას და იგი გაიმიჯნა აღნიშნული ნივთიერების უკანონო დამზადებისგან და შეძენისა-შენახვისგან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner