logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: 22 დეკემბერი უმძიმესი ცოდვის ჩადენის დღეა!...
- +

22 დეკემბერი. 2021. 14:01

 

„არ იქნება სამართალი - არ იქნება მშვიდობა! ამიტომ 1991 წლის 22 დეკემბერს წართმეული სამართალი უნდა აღდგეს და ეს გარდაუვალი აუცილებლობაა საქართველოს მომავლისათვის!“ - ეროვნული მოძრაობის მონაწილე, „ქართული მარშის“ ლიდერი სამოქალაქო ომის დაწყების 30 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„1991 წლის 22 დეკემბერი საქართველოს ისტორიის „წითელი პარასკევი“, ამ ტრაგიკულ დღეს საქართველო ჯვარზე გააკრეს, უფლის გზას ბარაბას გზა არჩიეს, ეროვნულ გმირს ქუჩის  ყაჩაღები და საქართველოს დამაქცევარი ნომეკლატურა არჩიეს, თავისუფლება მონობაში გაცვალეს - მართალია ეს ღალატის აქტი ქართველი ერის მცირე ნაწილმა განახორციელა, მაგრამ შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა!

 

დიახ - 22 დეკემბერი უმძიმესი ცოდვის ჩადენის დღეა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას - ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში!

 

ისევე როგორც 1921 წელს, 1991 წელსაც მოსყიდულმა ქართველებმა ტყვია ესროლეს საქართველოს დამოუკიდებლობას და ქვეყანა 50 წლით უკან დახიეს. სიბნელე და სიბინძურე, ნარკომანია და ყაჩაღობა, კორუფცია და ქვეყნის გაყიდვა - ყველა ეს სასჯელი სწორედ ამ საშინელი დღიდან მომდინარეობს!

 

ყოველგვარი მორიდების და მიცვალებულისადმი ყალბი პატივისცემის გარეშე ხმამაღლა უნდა ითქვას  - გაუგონარი ღალატის ავტორები გახლდნენ საქართველოს უბოროტესი მტრები, მტრის მხარეს გადაბირებული მანქურთები ედუარდ შევარდნაძე, თენგიზ კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი, თენგიზ სიგუა!

 

ამ სისხლიანმა ოთხეულმა განახორციელა მოღალატეობრივი აქტი და ქართველს ტყვია ესროლა, კანონიერ ხელისუფლებას ტყვია ესროლა, უფრო მეტი - საქართველოს ესროლა ტყვია!

 

ფარისევლობის დრო უნდა დამთავრდეს - ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, მოღალატეს მოღალატე და გმირს გმირი!

 

ისტორიის წინაშე ცალსახად და მკაფიოდ უნდა განისაზღვროს - გმირი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ხოლო მოღალატე - სამხედრო საბჭო, თავისი წითელი ინტელიგენციით!

 

გავიდა ათწლეულები, მაგრამ დღევანდელი დღესავით მახსოვს კიტოვანის ნასროლი ჭურვების საშინელი ხმა, საბჭოთა „სალდატებთან“ ერთად შტურმზე გადმოსული ბანდიტები, დახვრეტილი მიტინგები, ნაწამები ხალხი, პოლიტპატიმრები, აოხრებული სამეგრელო და სისხლის კალო, რომელიც მოღალატეებმა დააყენეს მთელ საქართველოში!

 

ღალატის პიკი - ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობის სანაცვლოდ ედუარდ შევარდნაძემ და სამხედრო საბჭომ გაყიდეს აფხაზეთი და მიიღეს ძალაუფლება თბილისსა და დანარჩენ საქართველოზე.  სწორედ 1991 წლის 22 დეკემბერს დაიწყო აფხაზეთის დაკარგვის ღალატი და სრულიად საქართველოს გაპარტახება!

 

გაივლის წლები - საუკუნეები და საქართველოს ისტორიაში ნათლად აისახება ღალატისა და გმირობის ეს მაგალითები - ნამდვილად მძიმე წარმოსადგენია პუტჩისტების და ხუნტის ჯალათების ადგილი!

 

სანამ არ იქნება გამოძიებული საქართველოს ეროვნული გმირის, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე, არ იქნება მოღალატეებისათვის ბრალი წარდგენილი 1991-92 წლების სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების მოწყობის გამო, არ იქნება დასჯილი აფხაზეთის გამყიდველი მანქურთები - მანამდე ქვეყანაში არც სამართალი იარსებებს, არც მშვიდობა, არც წინსვლა და არც განვითარება!

 

შერიგება და მონანიება სამართლიანობის აღდგენის გარეშე ვერ მოხდება, ეს სრული უტოპიაა!

 

არ იქნება სამართალი - არ იქნება მშვიდობა!

 

ამიტომ 1991 წლის 22 დეკემბერს წართმეული სამართალი უნდა აღდგეს და ეს გარდაუვალი აუცილებლობაა საქართველოს მომავლისათვის!

 

უფალმა დალოცოს საქართველოს თავისუფლებისა და კანონიერებისთვის მებრძოლი გმირები!

 

P.S. ამ მძიმე ფოტოზე აღბეჭდილია პუტჩისტების ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად გამსახურდიას მიერ არაკომპეტენტურობისა და ღალატისათვის  მინისტრის პოსტიდან მოხსნილი გოგი ხოშტარია(ელენე ხოშტარიას მამა),რომელიც დიდი მხედართმთავარივით ,ბტრ-ის და ხუნტის ჯალათების თანხლებით, გამარჯვებული სახით დააბიჯებს გადამწვარ რუსთაველის გამზირზე და კანონიერი ხელისუფლების დამხობას ზეიმობს!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner