სექტემბერში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ქართული ენერგეტიკისთვის სამ უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს 2016 წელი ქართული ენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტებით გამორჩეული წელია. სექტემბრის თვეში ენერგოსისტემას კიდევ სამი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური შეემატება. აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანი ქვესადგურის, „ქსანი-500"-ის სრული რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროექტის განხორციელების შედეგად, მკვეთრად გაუმჯობესდება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის, განსაკუთრებით თბილისის და შიდა ქართლის ელექტროენერგიით მომარაგება, გაიზრდება საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობა და განხორციელდება ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის ხელშეწყობა. მეორე პროექტი, რომელიც ასევე აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით ხორციელდება, ქვესადგურის „მარნეული-500"-ის მშენებლობაა. ქვესადგური იქნება დახურული ტიპის, რაც ქვესადგურის მორიგე-ოპერატიული პერსონალის გარეშე ფუნქციონირებას და მის სრულ დისტანციურ მართვას გულისხმობს.პროექტი ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე გენერაციის ობიექტებიდან სიმძლავრის გამოტანას და სომხეთთან სამომავლოდ დაგეგმილი სატრანზიტო კავშირის განხორციელებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც სსე ახორციელებს, გულისხმობს ახალი, ქვესადგურის „ჯვარი-500" მშენებლობას. პროექტის დასრულების შემდეგ, საგრძნობლად გაუმჯობესდება საერთაშორისო და ადგილობრივი მომსახურების ხარისხი და საიმედოობა, განხორციელდება ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისთვის საჭირო სიმძლავრით უზრუნველყოფა და მდინარე ენგურის აუზის პერსპექტიული ჰესების სიმძლავრის გატანა თურქეთში. სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" სამივე პროექტის დასრულებას სექტემბრის თვეში გეგმავს.