logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: სწორედ ნიკანორ მელიას მიუთითეს სააკაშვილმა და მისმა ბიძამ, რომ საჭირო იყო მეტი თავდადება და მეტი რადიკალიზმი
- +

22 დეკემბერი. 2021. 18:18

 

„პოლიტიკური ექსპერტობა არ სჭირდება იმას, რომ რადგან ნიკანორ მელიას მოუწია შიმშილობის აქციაზე ამ ტონის დაჭერა და ამ ინიციატივის გაჟღერება ისეთი მკაცრი სახით, როგორიც ეს მან გააკეთა, რა თქმა უნდა, სწორედ მას უთხრეს საყვედური და მას მიუთითეს სააკაშვილის ბიძამ და სააკაშვილმა, რომ საჭირო იყო მეტი თავდადება და მეტი რადიკალიზმი. ამიტომ ის ცდილობს მუდმივად, რომ დაამტკიცოს, რომ პარტიის თავმჯდომარე ყველაზე თავდადებულია სააკაშვილის მიმართ,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

თალაკვაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ორ ნაწილადაა გაყოფილი.

 

„ეს საბოლოო ჯამში „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს სააკაშვილის საკითხში, რომელიც არის პოლიტიკური წარსული, ხოლო ამ პარტიაში დარწმუნებული ვარ, ბევრს უნდა პოლიტიკურ მომავალზე ფიქრი, მაგრამ ამის საშუალება არ ეძლევათ, იმიტომ რომ ფულს აკონტროლებს სააკაშვილი, შესაბამისად ტელევიზიებს აკონტროლებს სააკაშვილი და ეს ჩამოსვლა რომ დაემთხვა ტელევიზიებში ფინანსური კრიზისის საკითხის გარეთ გამოჟონვას და დაემთხვა ამ ფორმით რადიკალური პროტესტის დაწყებას, ეს თავისთავად ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.

 

რა თქმა უნდა ჩვენ გვახსოვს გარეთ გამოსული შიდა საუბრები „ნაცმოძრაობიდან“, ეს იყო არჩევნებამდე, როდესაც ლიდერები შიდა საუბრებში საყვედურობდნენ სააკაშვილს, რომელიც ხელს უშლიდა პარტიის განვითარებას. პარტიული სია დააკომპლექტა მეტწილად ძველი კადრებით, დააკომპლექტა რეტროგრადებით და ოდიოზური ფიგურებით. ეს მათი სიტყვებია. ეს კონფლიქტი სახეზეა, სანამ სააკაშვილი პატიმრობაშია, რა თქმა უნდა მელიას ვერ ვერავინ გადააყენებს და ვერ ვერავინ შეავიწროვებს პარტიაში, იმიტომ რომ მას ფორმალური და მაღალი თანამდებობა აქვს, თუმცა, დაფინანსება არის მნიშვნელოვანი ბერკეტი და ტელევიზიების გარეშე ვერც მელია და ვერცერთი იქ მყოფი ლიდერი ვერაფერს გააკეთებენ. მათ უბრალოდ გამორთავენ ტელევიზიიდან და ასე შეუძლიათ ერთ კვირაში გააქრონ ნებისმიერი ლიდერი.

 

სწორედ ეს არის პრობლემა, რომ საქართველოში მედიის ნაწილი სინამდვილეში არის ოპოზიციის მართული და არ არის თავისუფალი, პარტიული ჩინოვნიკები აძლევენ ჟურნალისტებს დავალებას, რომ დეზინფორმაციის დისტრიბუცია გააკეთონ და შეინარჩუნონ სააკაშვილის ამბავი ნომერ პირველ ნიუსად, მაშინ როდესაც საზოგადოებას პირველ რიგში აინტერესებს სოციალური საკითხები, დასაქმება, როგორ მოხდება პანდემიის მართვა მომავალში, რას გეგმავს ხელისუფლება ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯანდაცვის სფეროებში. ეს არის საკითხები რაც ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებთ, და არა ის, თუ როგორი იქნება სააკაშვილი მენიუ, ან რაიმე შფოთვა ხომ არ აქვს ამ მომენტში პატიმრობის გამო.

 

პენიტენციურ სისტემაში ნამდვილად არ არის კომფორტი და არც მითუმეტეს სააკაშვილისთვის, რომელიც არ არის ამისთვის მზად. ეს ჩანს იქიდან, რომ ის პროდუქტებთან ერთად უკანონოდ შემოიპარა საქართველოში. ლიდერები ასე არ იქცევიან და დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ ის საქართველოში დაბრუნდა იმისთვის, რომ საქართველო გაათავისუფლოს და გადაარჩინოს ქართული ერი და დემოკრატია, ეს რა თქმა უნდა აბსოლუტური მანიპულაციაა და სინამდვილესთან კავშირი არ აქვს. სიმართლე გახლავთ ის, რომ შემოვიდა დესტაბილიზაციისთვის და ახლა ცდილობს, რომ სხვა მეთოდებით, მანიპულაციებით შეაწუხოს ხელისუფლება და დისკრედიტაცია გაუწიოს სახელმწიფო ინსტიტუტებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner