სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონში სადღესასწაულო წირვაზე მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს მიმართა და უთხრა, რომ მათ ხალხის სიყვარული აქვთ.
სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა დასრულდა, რომლის შემდეგ პატრიარქმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა.
უწმინდესმა დღევანდელ დღეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ჩვენ ილია წინასწარმეტყველის, წმინდა ილია პირველის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენების დღეს აღვნიშნავთ.
„სამივე ილიას ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს", - განაცხადა უწმინდესმა.
პატრიარქმა მიმართა ტაძარში მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, მინისტრებს და მადლობა გადაუხადა ტაძარში მოსვლისათვის.
„მადლობელი ვარ, რომ მობრძანდით და ილოცეთ ჩვენთან ერთად, წმინდა ილია წინასწარმეტყველი ძლიერი წმინდანია, თვით სახელში ორჯერ არის ნახსენები ღმერთი (უფალი ჩვენი ღმერთი) თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო", - ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესმა ამბიონზე მიიწვია პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და ისინი დალოცა.