logo_geo
eng_logo
პროკურორი: მოწმეები ადასტურებენ, რომ უშუალოდ მათ გადასცეს ბადრი პატარკაციშვილს სააკაშვილის მუქარა - თუკი ის არ დათმობდა „ტელეიმედს“, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა
- +

23 დეკემბერი. 2021. 01:40

 

„ბადრი პატარკაციშვის ქონების მიტაცების საქმეზე დაკითხულია 150 ადამიანი, თუმცა კვლავ გრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა. ამ 150 პირში მოიაზრება პატარკაციშვილის ოჯახის წევრები, მისი მეგობრები - ყველა ის პირი, ვინც მასთან ბიზნეს ურთიერთობებში იყო. ეს პირები ცალსახად ადასტურებენ, რომ სააკაშვილის 2006 წლიდან მოყოლებული ჰქონდა ინტერესი ბადრი პატარაკაციშვილის ქონებისადმი და განსაკუთრებული ინტერესი მას „ტელეიმედი“ მიმართ ჰქონდა გამომდინარე იქიდან, რომ იმ ეტაპზე „ტელეიმედი“ ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზია იყო“, - ამის შესახებ პროკურორმა, ლაშა ცხვიტარიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ის სიუჟეტები, რომელიც გადიოდა „ტელეიმედზე“, სააკაშვილისთვის პირადად მიუღებელი იყო.

 

„მოწმეები ადასტურებენ, რომ უშუალოდ მათ გადასცეს ბადრი პატარკაციშვილს სააკაშვილის მუქარა, რომ თუკი ის არ დათმობდა „ტელეიმედს“, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა და საქართველოში არსებულ მის ყველა ბიზნესს შეექმნებოდა პრობლემა, რაც შემდეგში განხორციელდა კიდეც. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ზუსტად 1 კვირაში, პატარკაციშვილის ნდობით აღჭურვილი პირი სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს კონკრეტულ ნოტარიუსთან და იძულების წესით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მონაწილეობით, მოხდა „ტელეიმედის“ ძირითადი წილების გადაფორმება, რომლის ღირებულება დაახლოებით რეალურად 50 მილიონი იყო. ამ პირმა კი იძულების პირობებში დათმო 420 000 დოლარად. ეს ადამიანი ასევე გაიტაცეს ფინანსური პოლიციის შესაბამისმა სამსახურებმა. მის მიმართ განხორციელდა მუქარა. კერძოდ, ის მიაბეს გამათბობელზე და მანამ არ გაათავისუფლეს, სანამ ხელი არ მოაწერა შესაბამის ხელწერილს, რომლითაც ის თმობდა გარკვეულ პოზიციას „ტელეიმედში“, - განაცხადა პროკურომა.

 

მისივე თქმით, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა 2008 წელს მიმართა საერთაშორისო არბიტრაჟს და ზიანისთვის, რომელიც მათ მიადგათ, სახელმწიფოსგან 400 მილიონი დოლარი მოითხოვეს.

 

„მას შემდეგ, რაც სახელმწიფო რეალურად დადგა დავის წაგების საფრთის წინაშე, სააკაშვილის განკარგულებით, მის მიერ მინდობილმა პირმა, საუბარია იუსტიციის მინისტრის მოადგილეზე, აღიარა ხსენებული ქონების წართმევის ფაქტი და პატარკაციშვილების ოჯახთან გაფორმდა შესაბამისი მემორანდუმი, რომლის საფუძველზე მათ დაუბრუნდათ ყველა წართმეული ქონება, გარდა „ტელეიმედისა“. მნიშვნელოვანია, რომ ხსენებულ მემორანდუმს სააკაშვილმა კანონმდებლობის უხეში დარღვევით გრიფით საიდუმლო მიანიჭა. ამის მიზეზი ის იყო, რომ საზოგადოებისთვის არ გამხდარიყო ცნობილი ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ“,- განაცხადა პროკურორმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner