logo_geo
eng_logo
რა სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს გოგლა ჟვანია ძმის მკვლელობასთან დაკავშირებით
- +

23 დეკემბერი. 2021. 12:55

 

 

გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია „ჯორჯიან თაიმსის“” გადაცემაში „რეალური პოლიტიკა“ ყოფილი პრემიერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს.

 

კერძოდ, გოგლა ჟვანია იმ შეხვედრის დეტალებს იხსენებს, რომელიც ჯერ კიდევ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ჰქონდა და რომელსაც, როგორც გოგლა ჟვანია ამბობს, შავი სამყაროს გავლენიანი წევრები და წინა ხელისუფლების გავლენიანი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

გოგლა ჟვანიას თქმით, სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ არასასიამოვნო ინფორმაცია მიიღო, რომელიც მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ბიძას, თემურ ალასანიას განცხადებას უკავშირდება.

 

„რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი უკვე გაჟღერებულია საზოგადოებაში. პირველად, მაშინ ჯერ კიდევ ზურაბ ჟვანია პრემიერ-მინისტრი იყო, როდესაც არასასიამოვნო ინფორმაცია მომივიდა. გვარებს ჯერ შეგნებულად არ დავასახელებ იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებში არის. ნამდვილად ვიცი, რომ არის! კონკრეტული ავტორები ჰყავს ამ ინფორმაციას და იქ დასახელებულია ყველა მოქმედი პირი. ამაზე გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს და ამიტომ არ დავასახელებ, რადგან შეიძლება, რომ გამოძიებას ხელი შეუშალოს.

 

თვითონ ფაქტი არის, რომ შედგა შეხვედრა ზურას პრემიერობის დროს, მის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამ შეხვედრას ესწრებოდა შავი სამყაროს ძალიან გავლენიანი წარმომადგენლები, ძალოვან სტრუქტურებში სერიოზული გავლენების მქონე პირები, წინა ხელისუფლების ძალიან ავტორიტეტული ადამიანები, რომლებსაც იმ დროისთვის ჯერ კიდევ დიდი გავლენები ჰქონდათ. ამ შეხვედრის ორგანიზატორი კი თემურ ალასანია იყო. შეხვედრაზე სულ სხვა თემები განიხილებოდა. ამ განხილვების და საუბრების დროს უცებ თემურ ალასანიამ თქვა, მალე ზურაბ ჟვანია აღარ იქნება“, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

 

აღნიშნული განცხადების შემდეგ გადაცემის წამყვანმა მას პეტრე მამრაძის ის განცხადება შეახსენა, რომელიც მან რამდენიმე კვირის წინ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერით გააჟღერა. კერძოდ, მამრაძემ გადაცემაში სტუმრობისას 2005 წელს ერთ-ერთ ცნობილი ოჯახში ახალი წლის ღამის აღსანიშნავად შეკრება გაიხსენა, სადაც თემურ ალასანიამ თქვა, რომ – „სულ მალე ჟვანია აღარ იქნება“.

 

რაზეც, გოგლა ჟვანიამ წამყვანს განუმარტა, რომ ის რასაც პეტრე მამრაძე აცხადებს, სულ სხვა ისტორიაა.

 

„არა, ეს სხვა ისტორია. პეტრე მამრაძემ რაც თქვა, ის სულ სხვა ისტორია და რასაც მე ვსაუბრობ სულ სხვა ისტორიაა. ინფორმაცია, რომელიც მე მივიღე მაშინვე შევატყობინე ზურას. მას ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ადამიანიც შეხვდა. არ ვიცი, ზურამ რა დასკვნები გააკეთა, თუმცა შემდეგ რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით. გარდა ამისა, სხვა შემთხვევებიც იყო, როდესაც თემურ ალასანია ზურას მისამართით ძალიან უცნაურ განცხადებებს აკეთებდა“, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner