საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს ანგელოზის დღე მიულოცა და ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო მის უწმინდესობას ანგელოზის დღე. ათწლეულების განმავლობაში ჩვენს თვალწინ ვხედავთ საქართველოში რწმენის აღორძინებას და ეს არის მისი უწმინდესობის დამსახურება. მინდა ვუსურვო მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე საქართველოს საკეთილდღეოდ და სასიკეთოდ", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილი სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას დაესწრო, რომელიც ილია მართლის, ილია წინასწარმეტყველისა და ილია პირველის ხსენების დღესთან დაკავშირებით აღევლინა.