თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია არ ეთანხმება ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრმა შეცდომა დაუშვა, როდესაც მინისტრად უშიშროების სამსახურიდან დანიშნა. ამის შესახებ, იზორიამ ტელეკომპანია "მაესტროს" თოქ-შოუ "ფაქტორში" განაცხადა.
იზორიას განცხადებით, მსოფლიოში ბევრი შემთხვევა არსებობს, როდესაც უშიშროების სამსახურიდან თანამდებობის პირები თავდაცვის სფეროში მოსულან.
„ყველას მოსაზრებას პატივს ვცემ. ჩემი წინამორბედების გაწეულ სამსახურსაც ვაფასებ. ვიქნები შეფასებებში პოზიტიური და არავითარ შემთხვევაში ნეგატიური. რაც შეეხება ამ კონკრეტულ პოზიციას, ეს საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად ობიქტური და სამართლიანია ეს კრიტიკა. უფრო მეტსაც დავამატებ - აშშ-ში გახლდით რამდენიმე თვის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად და შევხვდით იქაური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას. იქ ბევრად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ამ სამსახურის მიმართ. უფრო პატივს სცემენ. უნდა დავუფასოთ ასეთ ადამიანებს შრომა.
ის ნეგატივი, რომ ამ სამსახურიდან მოსული არის ცუდი, ბოლშევიკური სტერეოტიპია და უნდა დავანგრიოთ", - განაცხადა იზორიამ.