ელფები, თოვლის პაპა, გასართობი თამაშები, ფერადი ბუშტები, ფეხბურთის ბურთები, კონკურსები და საჩუქრები გამარჯვებულებისთვის - „ჰაიდელბერგცემენტმა“ კასპის ქარხნის მიმდებარედ წინასაახალწლო ღონისძიება გამართა.
განსაკუთრებული საჩუქრები ბავშვებს ახლად აღდგენილ ფარნავაზის ქუჩაზე კომპანიის მიერ რეაბილიტირებულ სპორტულ მოედანზე გადაეცათ, რომელიც 23 დეკემბერს გაიხსნა. შეხვედრაზე სასაჩუქრე პაკეტები მიიღეს ფარნავაზის ქუჩაზე მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმაც.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ რეალიზაციის და მარკეტინგის დირექტორი ირაკლი მახარობლიძე.
ვახტანგ მაისურაძემ ირაკლი მახარობლიძეს თანამშრომლობისთვის, პატარების გახარებისა და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და კომპანიის წარმომადგენლებს და მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.